ოპტიმისტი ფაბრეგასი

AutoSharing Option
სესკ ფაბრეგასი ოპტიმისტურად განეწყო. ამ ზაფხულს მის „ბარსელონაში“ გადასვლას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

ოპტიმიზმის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა და ესპანეთის ჩემპიონმა „არსენალს“ ახალი წინადადებით მიმართა - „ბარსა“ 35 მილიონ ფუნტს ანუ დაახლოებით 39 მილიონ ევროს გამოდის. ზოგი წყაროს თანახმად, თანხა, რომელსაც კატალონიელები გამოდიან 32 მილიონი ფუნტია, თუმცა საკომისიოებისა და სხვა „კუდების“ დამატებით 37 მილიონამდე ადის.

ბარსელონას სიახლოვეს, ქალაქ ტორდერაში მდებარე საფეხბურთო ბანაკში ლაღობისას 24 წლის ვარსკვლავმა თქვა:

„არაფერზე მაქვს სალაპარაკო, ვერაფერს გეუბნებით. აბსოლუტურად მშვიდად ვარ და ოპტიმიზმით
შევყურებ მოვლენათა განვითარებას. თუ მოხდება რამე, ყველანი დავინახავთ. საერთოდ, ფეხბურთელი მაშინ იყიდება, როდესაც ის ძველ კლუბს აღარ უნდა. მე არც ამ მხრივ მაქვს პრობლემა“.

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, სანდრო როსელი შემდეგ კვირაში შვებულებაში მიდის და უნდა, რომ სესკის საქმე მანამდე მოაგვაროს. ის დარწმუნებულია, რომ თანხა, რომელიც „ბარსამ“ ახლა შესთავაზა „არსენალს“ ვაჭრობის საბაბს აღარ იძლევა - ამიერიდან მხარეებმა ხელი ხელს უნდა დაჰკრან. შეგახსენებთ, რომ შარშან ზაფხულში „მეთოფეებმა“ კატალონიელებს 30 მილიონ ფუნტზე უთხრეს უარი, თუმცა ბოლო ორი წელიწადია, არავისთვის გახლავთ საიდუმლო, რომ ვარსკვლავს სურს დაბრუნდეს კლუბში, რომელიც 2003 წელს, ყმაწვილკაცობის ასაკში დატოვა.

ამბობენ, რომ ჩრდილოლონდონელთა თავკაცი არსენ ვენგერი უკვე გამალებული ემზადება ფაბრეგასის შემდგომი პერიოდისთვის. ის დარწმუნებული ბრძანებულა, რომ „ლილის“ 24 წლის თავდამსხმელ ჟერვინიოსაც იყიდის და „ველეს სარსფილდის“ 23 წლის შემტევ ნახევარმცველ რიკი ალვარესსაც. თითოეულ მოთამაშეში „მეთოფეებს“ 11 მილიონი ფუნტის ანუ 12 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოწევს. საიდან, მარად ეკონომიაზე მოლაპარაკე „არსენალს“ ამდენი თანხა? რასაკვირველია, ფაბრეგასის გაყიდვიდან.

სხვათა შორის, „ლილს“ ლონდონელებმა თავიდან 7,2 მილიონი ფუნტი (8 მილიონი ევრო) შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. ახლა ისინი საფრანგეთის ჩემპიონს ახალი წინადადებით მიმართავენ. მთავარია, რომ პრინციპული შეთანხმება არსებობს.

რაც შეეხება ალვარესს, არც ის ყოფილა „ემირეიტ სთედიუმზე“ გადასვლის წინააღმდეგი. არგენტინელმა თქვა: „რასაკვირველია, „არსენალში“ თამაში ძალიან მინდა. ღმერთს ვთხოვ, ეს საქმე არ ჩაიშალოს“.

ამასობაში, „არსენალს“ ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ შეახსენა თავი. სერ ალექს ფერგიუსონს 24 წლის ფრანგის, სამირ ნასრის ყიდვა აქვს ამოჩემებული. ფერგიმ „მეთოფეებს“ ნასრის თაობაზე ახალი წინადადებით მიმართა - 20 მილიონი ფუნტი შესთავაზა. ადრეც მოგახსენეთ, რომ ნასრის, კონტრაქტის თანახმად, „არსენალთან“ თანამშრომლობის ერთი წელიწადიღა დარჩა. ფეხბურთელი ცდილობს ისეთ კლუბში გადავიდეს, სადაც კვირაში 100 ათას ფუნტს დაუნიშნავენ. ნასრისთან კონტრაქტის გაგრძელებას თავად „მეთოფეებიც“ ცდილობენ, მაგრამ ინგლისური პრესა წერს, რომ არც მისი გაყიდვა უნდა გაგვიკვირდეს მაინცდამაინც. „მარსელის“ ყოფილი ფეხბურთელის აგენტი, ჟან-პიერ ბერნესი კი ამბობს, რომ „არსენალი“ ნასრის 25 მილიონ ფუნტად შეელევა. რასაკვირველია, თავად ფეხბურთელი ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას ისურვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული