მანჩესტერული გარჩევები "არსენალის" გარშემო

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტიმ“ ფულის კუნთები აათამაშა - ჯერ იყო და „ლივერპულს“ 25 წლის მარცხენა მცველი გაელ კლიში ააცალა ცხვირწინ, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ გადაუჭრა გზა და სამირ ნასრის ყიდვა მოიწადინა.

მოგეხსენებათ, კლიშიცა და 24 წლის ნასრიც „არსენალის“ წევრები არიან და, მართალია, „მეთოფეთა“ მწვრთნელ არსენ ვენგერს საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვა არ ეპიტნავება, რეალური სურათი მისთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ არის.

კლიშის საქმე ასეა: ისტლენდელები „არსენალს“ 7 მილიონ ფუნტად გაურიგდნენ და ფრანგი, რომელიც „არსენალში“ 2003 წლის შემდეგ თამაშობდა, „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ ოთხი წლით მიჰყავთ.
ამის შემდეგ კი გაირკვა, რომ რობერტო მანჩინის ჩრდილო ლონდონში საქმეები არ დაუსრულებია და კლიშის თანამემამულის წაყვანაც სურს. მოგეხსენებათ, ნასრის „არსენალთან“ ბოლო სეზონიღა აკავშირებს და სავარაუდოდ, ან ახლავე უნდა გაიყიდოს ან ვენგერთან გააგრძელოს კონტრაქტი.

თუმცა, მანჩინის მთლად მარტივად არ აქვს საქმე. მას ნასრის ყიდვას „უდინეზედან“ ალექსის სანჩესის გადაბირება ურჩევნია. 22 წლის ჩილელზე, მოგეხსენებათ, დიდი ამბავია ატეხილი. მისი ყიდვა ევროპის ყველა ფულიან გუნდს უნდა, თუმცა თავად მოთამაშეს გულში „ბარსელონა“ ამოუჭრია და აცხადებს, რომ თუ „კამპ ნოუზე“ არ გადავა, „უდინეზეში“ დარჩება. თავის მხრივ „სიტი“ იმედოვნებს, რომ ამ სენტიმენტებს დიდძალი ხელფასით დაახშობს. თუმცა, შანსი იმისა, რომ სანჩესი ისტლენდზე არ გადავა, რასაკვირველია არსებობს და ამ შემთხვევაში მანჩინი ნასრის წასაყვანად „ემირეიტზე“ დაბრუნდება.

ახლა კი, ვნახოთ რა დღეში ვარდება „არსენალი“: კლიში გაექცა, ნასრის საქმე გაურკვეველია და არ დაგვავიწყდეს ყველაზე მთავარი - „ბარსელონა“ მის კაპიტან სესკ ფაბრეგასს ყიდულობს. მართალია, ფაბრეგასის სანაცვლოდ ვენგერმა შესაძლოა კარგი ფული აიღოს, მაგრამ რა ფული, რის ფული, როდესაც გუნდი 2005 წლის შემდეგ ჯილდოს გარეშეა დარჩენილი და ამ ზაფხულს მისი მთავარი ლოზუნგი შემადგენლობის გაძლიერება გახლდათ. ნასრის და სესკის გამშვები გუნდი ვის მოიყვანს ასეთს, გაძლიერებად რომ ჩაეთვალოს?

ჟერვინიო... მის ამბავს ცოტა ქვემოთ მოგახსენეთ, მაგრამ, ვითომ 24 წლის კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი ასეთი დიდი ვარსკვლავია? გულშემატკივრები შიშის თვალით უყურებენ მომავალს. რობინ ვან პერსისა და თეო უოლკოტს, კონტრაქტის თანახმად, „არსენალში“ ორი წელიწადიღა დარჩათ და საკუთარ მომავალში უკეთ გასარკვევად სჭირდებათ დაინახონ, როგორ ვითარდება გუნდი, საით მიდის. 23 წლის დენილსონმა ბრაზილიურ მედიაში თქვა, რომ „ვილიარეალისა“ და „სან პაოლოსაგან“ აქვს შემოთავაზებები... ერთი სიტყვით, ვენგერმა ყველას, უპირველეს ყოვლისა კი, ალბათ, მაინც კლუბის მთავარ მეწილეს, ამერიკელ მილიარდერ სტენ კროენკს უნდა დაუმტკიცოს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია გუნდი ისე მოამზადოს, რომ მან რაიმე ჯილდო მოიგოს.

დავუბრუნდეთ ნასრის, მომავალი სეზონიდან ის შესაძლოა რომელიმე უშუალო კონკურენტის შემადგენლობაში ვიხილოთ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრანგში 15 მილიონ ფუნტს იხდიდა, „მანჩესტერ სიტიმ“ კი ჯიბეზე ხელი დაუნანებლად გაიკრა და 20 მილიონი ამოიღო. ამბობენ, რომ შორიდან სიტუაციას „ჩელსიც“ აკონტროლებს.

ვენგერის კარგს არაფერს უქადის ისიც, რომ ინგლისის ჩემპიონის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ამ ზაფხულს სატრანსფერო პოლიტიკა ძალიან ჭკვიანურად წარმართა და თავის ისედაც ძლიერ შემადგენლობას სამი კარგი ფეხბურთელი შემატა: დავიდ დე ხეა, ფილ ჯონსი და ეშლი იანგი. მათ სანაცვლოდ სერ ალექსმა დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

„იუნაიტედის“ ფრანგმა მცველმა, 30 წლის პატრის ევრამ თქვა: „ჩვენ დიდებული ფეხბურთელები შევიძინეთ. მომავალი წარმატებული რომ გვექნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ჩვენი ამოცანა მარტო პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის ხელახლა მოპოვება კი არ არის, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა“.

ახლა კი ჟერვინიოზეც ვთქვათ, რომელიც „არსენალმა“ ჩრდილოლონდონელ კონკურენტ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ააცალა ცხვირწინ.

„ეს ჩემი არჩევანი გახლდათ - თქვა კოტ დ’ივუარელმა - „არსენლი“ სხვა გუნდებს იმიტომ ვამჯობინე, რომ აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მათთან საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება. ვფიქრობ, როგორც ფეხბურთელი „არსენალში“ უფრო განვვითარდები. თუ ვრისკავ? არა, რასაკვირველია. ლონდონში სათამაშოდ მივდივარ და ყველა ღონეს ვიხმარ, რომ რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა. შევეცდები ბევრი გოლიც გავიტანო. საერთოდ, ფეხბურთში რისკი აუცილებელია, მაგრამ „არსენალში“ გადასვლის წინ უფრო მოგებებზე ვფიქრობ, ვიდრე რისკებზე“.

„არსენალი“ ახალგაზრდული გუნდია და „ტოტენჰემს“ იმიტომ ვამჯობინეო... ეს შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ ახალგაზრდულის გარდა „არსენალი“ ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოვა და ჟერვინიოს, „ტოტენჰემისგან“ განსხვავებით, დიდ ასპარეზზე გაიყვანს. ჩემპიონთა ლიგაში რასაკვირველია, „ლილიც“ ითამაშებს, მაგრამ... „არსენალი“ „არსენალია“.

ჟერვინიო, რომელიც „მეთოფეებს“ კვირაში 60 ათას ფუნტად ოთხწლიან თანამშრომლობაზე დათანხმდა, შვებულებიდან ორშაბათს ბრუნდება.

და კიდევ ერთი, რაც „არსენალის“ შესახებ გვინდა მოგახსენოთ, ის გახლავთ, რომ ვენგერს „ნიუკასლ იუნაიტედიდან“ გაუწონასწორებელი ზნით ცნობილი ნახევარმცველის ჯოი ბარტონის გადაყვანა უნდა. ბარტონი 28 წლისაა.

ვენგერის ასისტენტმა, სტივ როულიმ გასული სეზონის მიწურულს „კაჭკაჭების“ სამი თამაში ნახა და ამდენივე ფეხბურთელი ჩაინიშნა. როგორც მიხვდიღ, როულის ყველაზე მეტად ბარტონი მოეწონა, მის გარდა კი სკაუტს ესპანელმა ხოსე ენრიკემ და კოტ დ’ივუარელმა ჩეიკ ტიოტე მოსჭრა თვალი.

ბარტონს გასული სეზონი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ჰქონდა. ბურთითაც კარგი იყო და არც თავი გაუტეხავს ვინმესთვის. თვალშისაცემი გახლდათ მისი პასები მარჯვენა ფრთიდან, როდესაც ენდი ქეროლი ჯერ კიდევ „კაჭკაჭი“ იყო და ბარტონის ჩაკიდებულ ბურთებს თავს ურტყამდა. ცნობილია, რომ ბარტონს „ნიუკასლში“ უნდოდა დარჩენა, მაგრამ როდესაც საქმე კლუბთან ახალი კონტრაქტის დადებაზე მოდგა, დაინახა, რომ „სენტ ჯეიმსი’ზ პარკის“ შეფები მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ არიან შეპყრობილნი და გადაწყვიტა სხვაგან გადასვლაზე არ ეთქვა უარი. ბარტონის დღესმოქმედ კონტრაქტს ერთ წელიწადში ძალა დაეკარგება. „ნიუკასლ იუნაიტედს“ ნახევარმცველის სანაცვლოდ 4 მილიონი ფუნტი უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული