რა მოუვა "ბირმინგემს"?

AutoSharing Option
მართალია, „ბირმინგემ სიტიმ“ პრემიერლიგაში მე-18 ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიპში გავარდა, მაგრამ მის თავს იმდენი საინტერესო ამბავი დატრიალდა, რომ გაზეთში ადგილის დათმობად ღირს.

ჯერ იყო და თანაქალაქელმა „ასტონ ვილამ“ საკმაოდ თავხედურად წაართვა მწვრთნელი ალექს მაკლიში, შემდეგ კი გაირკვა, რომ მის მეპატრონეს, ჰონკონგელ მილიარდერ კერსონ იუნგს სამშობლოში ცუდად აქვს საქმე. ის, ეგრეთწოდებული, ფულის გათათრებისთვის დაიჭირეს და გაზეთმა „სანმა“ ამას საინტერესო წერილი მიუძღვნა.

„სანმა“ მისთვის ჩვეული, კითხვა-პასუხის ფორმით განუმარტა გულშემატკივრებს თუ რა დაუშავდება „ბირმინგემ სიტის“ პატრონის დაპატიმრების შემთხვევაში. გთავაზობთ, ამ წერილი შემოკლებულ ბვარიანტს.

რა მოხდება თუ იუნგს დანაშაული დაუმტკიცდება?
ჯერჯერობით, იუნგი ბრალდებებს უარყოფს, მაგრამ თუ სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს, 14 წელს მიუსჯის. ასეთ შემთხვევაში ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ის გახლავთ, რომ კლუბი გაიყიდება, ახალი მეპატრონე კი აღმოაჩენს, რომ „ბირმინგემ სიტის“ მავანთა და მავანთა ვალი აქვს და ეს ხალხი ფულის დაბრუნებას ითხოვს. მეორე მხრივ, იუნგს შეუძლია დირექტორობიდან გადადგეს, მაგრამ უბრალო მეწილედ დარჩეს.

ცნობისთვის: იუნგზე ამბობენ, რომ ის სულაც არ არის „ბირმინგემ სიტის“ მამა და მარჩენალი. კომპანიას, რომელიც „ბირმინგემ სიტის“ ფლობს, სხვა პატრონებიც ჰყავს და სანამ ისინი ფულს არ დაინანებენ, კლუბში ცხოვრება ძველებურად გაგრძელდება.

მაშ, ვინ ფლობს ბირმინგემ სიტის?
„ბირმინგემ სიტის“ ჰყავს ეგრეთწოდებული მშობელი კომპანია, რომელსაც ჰქოვია „ბირმინგემ ინტერნეშენალ ჰოლდინგი“. ეს კომპანია ჰონკონგში მდებარეობს, თუმცა კაიმანის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. იუნგი სწორედ ამ კომპანიის პრეზიდენტი გახლდათ. ის „ბირმინგემ სიტისთან“ წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა სტივ მაკმანამანმა დააკავშირა.

იუნგი ადრე არაფერში ყოფილა გარეული?
2004 წელს მან დამალა, რომ ჰონკონგის კომპანია „სიდარ ბეიზ ელექტრონიკში“ ფინანსური ინტერესი ჰქონდა. ამისათვის მას ჯარიმა დააკისრეს. სწორედ ამიტომ არის გამოსაკვლევი, როგორ გაიარა იუნგმა პიროვნების შემოწმების ტესტი. ბრიტანეთში ხომ, სანამ უცხოელი რაიმე კომპანიას შეიძენს, მის შესახებ ყველაფერს სწავლობენ და მცირე ხინჯიც რომ აღმოუჩინონ, უარს ეუბნებიან. აღსანიშნავია, რომ კანონგარეშე ქმედებებში შემჩნეული იყო ქალბატონი პოლიანა ჩუც, რომელმაც იყნგს „ბირმინგემ სიტის“ საყიდელი თანხა, 81 მილიონი ფუნტი გამოუყო.

როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი სატრანსფერო სეზონზე?
ჯერჯერობით „სიტი“ ფეხბურთელებს ყიდის, მაგრამ შემოსული თანხით ახალ მოთამაშეებს იყიდის თუ ვალებს დაფარავს, გამოჩნდება. გააჩნია, რა მოხდება.

რამდენად ახლობლობენ „სიტის“ თავმჯდომარე პიტერ პენუ და იუნგი?
ვერ გეტყვით, რამდენად გასულები არიან ისინი ერთ საქმეში, მაგრამ ფაქტია, რომ პენუ იუნგის მარჯვენა ხელია. როდესაც იუნგი ჰონკონგშია, „ბირმინგემს“ პენუ მართავს და მას სრული ნდობა აქვს გამოცხადებული.

ის რაც „ბირმინგემის“ თავს ხდება კრიზისია?
ჯერჯერობით, შექმნილი მდგომარეობა იმ ხალხს, ვინც „ბირმინგემში“ ფული ჩადო, მხოლოდ აშინებს, მაგრამ თუ საქმეები უფრო და უფრო ცუდად წავიდა, შესაძლოა ამ ხალხმა თავიანთი თანხის დაბრუნება მოითხოვოს, კლუბი კი გაიყიდოს. თუმცა, ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ იუნგის დაჭერამდე „სიტის“ ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა.

რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს?
შესაძლოა ეს ყველაფერი რამდენიმე თვეს გაგრძელდეს და ამ ხნის განმავლობაში იუნგი როგორც ბრიტანეთში ასევე ჰონკონგში გაზეთების პირველ გვერდებზე იქნება. ცნობისთვის: საქმის აქამდე მოსაყვანად ჰონკონგის პოლიციას ოთხი წელიწადი დასჭირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული