"მანჩესტერ იუნაიტედი" - ფერგის მიზანი და ინფორმაცია

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ძალიან უნდოდა 22 წლის ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის შეძენა და მზად იყო მის სანაცვლოდ 39 მილიონი ევრო გაეღო, მაგრამ მათ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ „ბარსელონამ“ აჯობათ - ამ კვირაში სამხრეთ ამერიკელი „კამპ ნოუზე“ გადავა.

ამრიგად, „ბარსელონამ“ „იუნაიტედს“ დაახლოებით ერთ თვეში მეორედ აჯობა - პირველად ინგლისის ჩემპიონი ესპანეთის პირველ გუნდთან 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა და მეორედ ახლა, სანჩესისთვის ბრძოლაში. სამაგიეროდ, ამ დამარცხებამ სერ ალექსს სატრანსფერო ბაზარზე ერთხელაც გასვლა და მორიგი ვარსკვლავის
ყიდვა გადააწყვეტინა მტკიცედ. ვისზეა ლაპარაკი? ეს ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს: ვესლი სნეიდერზე ან ლუკა მოდრიჩზე. 27 წლის სნეიდერი, მოგეხსენებათ, „ინტერში“ თამაშობს, 25 წლის მოდრიჩი კი „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელია.

მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვების მიუხედავად ფერგიუსონმა გადაწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედი“ გადაახალისოს. ამისათვის მან სამი ახალი ფეხბურთელი უკვე იყიდა: თავდამსხმელ ეშლი იანგში, მცველ ფილ ჯონსსა და მეკარე დავიდ დე ხეაში დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა. „იუნაიტემა“ პრემიერლიგელ კონკურენტებს დაასწრო. გუნდები შვებულებებიდან უკვე ბრუნდებიან, მაგრამ სანამ სხვათა გაგზავნილი ხალხი ჯერ კიდევ ბაზარში დადის, ჩემპიონი ვარჯიშს ფაქტობრივად დაკომპლექტებული იწყებს. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, გუნდის სრულ დაკომპლექტებამდე ფერგიუსონს ერთი ვარსკვლავი ჯერ კიდევ აკლია.

საინტერესოა, რომ ინგლისურ გაზეთებს თავად მწვრთნელის ციტატა არ მოჰყავთ, მაგრამ წერენ, რომ სერ ალექსს კიდევ ერთ ტრანსფერში არ ეპარება ეჭვი. თან, ეს მის გუნდს არ ეხება. კერძოდ, ფერგის უთქვამს, რომ „არსენალის“ 24 წლის ფრანგ შემტევ ნახევარმცველ სამირ ნასრის „მანჩესტერ სიტი“ იყიდის, თან ამ კვირაშივე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული