"არსენალს" ბელერინიღა აკლდა

AutoSharing Option
ხუმრობა გვერდით იყოს და, სანამ „არსენალის“ ბარსელონელი კაპიტანი, 24 წლის სესკ ფაბრეგასი, მშობლიურ ქალაქსა და გუნდში დაბრუნებისთვის იბრძვის, 16 წლის ექტორ ბელერინი პირიქით, „კამპ ნოუდან“ „ემირეიტ სთედიუმზე“ გადადის.

ეს ის გზაა, რომელიც სესკმა 2003 წელს, ზუსტად ბელერინის ასაკში გაიარა. ყმაწვილი მარჯვენა მცველი „ბარსელონას“ ბავშვთა აკადემიის აღზრდილია, თუკი 16 წლისას უკვე აღზრდილი შეიძლება ვუწოდოთ.

ბელერინი ლონდონში „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ეშხით გადავიდა - როგორც ჩანს დაპირდნენ, რომ მხოლოდ რეზერვისტთა გუნდში კი არა, „ნაღდ პრემიერლიგაშიც“ გააგორებინებენ ბურთს.

„პუნტო პელოტა“, ასე ეწოდება ესპანეთის
ტელევიზიის ერთ-ერთ შოუს, რომელმაც ბელერინის უმასპინძლა და საზოგადოებამ ბიჭის ამბები აქედან შეიტყო. ბელერინიმ თქვა:

„შინ ვიყავი, როდესაც მამამ გამომძახა, ტელეფონთან გეძახიან, „არსენალიდან“ რეკავენო. იმ ლაპარაკის შემდეგ ვამჯობინეთ ლონდონში ჩავსულიყავით და ყველაფერი საკუთარი თვალით გვენახა. რომ მივდიოდი, გადაწყვეტილი არაფერი მქონდა, რადგან მანამდე ჩემი ცხოვრება მხოლოდ „ბარსელონასგან“ შედგებოდა. ძნელია, ასეთ დროს თამამად მოიქცე, თუმცა, შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ გადავწყვიტე „არსენალის“ ფეხბურთელი გავმხდარიყავი. როდესაც გინდა პროფესიონალი გახდე, ცხოვრებაში საკუთარი გზა უნდა ნახო. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი.

თან, ჩვენ პირადად ბატონ ვენგერს შევხვდით და მასთან საუბარმა საუცხოოდ ჩაიარა. მოჭარბებული ემოციისგან ცოტა დაბნეული ვიყავი, მაგრამ შევეცადე მისი არც ერთი სიტყვა არ გამომრჩენოდა. იცით, როდესაც უცბად გამოჩნდება გუნდი, რომელიც გპირდება, რომ ძირითად შემადგენლობაში გათამაშებს და თან, არც მეტი, არც ნაკლები პრემიერლიგაში, ძნელია უარი უთხრა.

ბატონმა ვენგერმა გამაცნო „არსენალის“ გეგმები, მითხრა როგორ მომერგებოდა ეს პროექტი მე და დასძინა, რომ პირადად ჩემი გაცნობა უნდოდა ძალიან“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული