ანდრეს დიდი მომავალი

AutoSharing Option
„ჩელსის“ ჩეხი მეკარე, 29 წლის პეტრ ჩეხი ახალ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს მხარს უჭერს და ამბობს, რომ ის „სტემფორდ ბრიჯზე“ დიდ ტრადიციას ჩაუყრის საფუძველს. ჩეხის აზრით 33 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „ლურჯების“ სათავეში დიდხანს დარჩება და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.

ორი სიტყვა მათთვის, ვინც შეამჩნია, რომ პორტუგალიელი მწვრთნელის გვარს აქამდე ვილას-ბოასს ვწერდით, ახლა კი ბოლო ასო-ბგერა შევცვალეთ. პორტუგალიურს კარგად თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან რთულ შედეგს მივიღებთ. ვნახავთ, რომ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, ეს გვარი შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ვილეშ-ბოეშ, ვილას-ბოას,
ვილაშ-ბოაშ... ხანდახან ეს „შ“ ძალიან ჰგავს „ჟ“-ს. მოკლედ, ამ მწვრთნელის გვარის გამოთქმა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის არა მხოლოდ დიალექტზე, არამედ იმაზეც კი, ვმღერით თუ ვლაპარაკობთ. ჰოდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სწორ გამოთქმასთან სავარაუდოდ ყველაზე მიახლოებულ ვარიანტზე, ვილაშ-ბოაშზე შევჩერდეთ და ამ თემაზე „აღარ ვინერვიულოთ“.

ახლა კი ჩეხის ნათქვამს დავუბრუნდეთ. მან თქვა:

„ძნელია ახსნა, რატომ ხდება, პერიოდულად, „ჩელსიში“ მეტად თავისებური ამბები. საბედნიეროდ, ახლა გვყავს ახალგაზრდა თავკაცი, რომელიც, იმედი მაქვს, „სტემფორდ ბრიჯზე“ 25 წელიწადს დარჩება და იმავე როლს ითამაშებს, ალექს ფეგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ რომ ითამაშა. მართლა ასე რომ მოხდეს, დიდებული იქნება.

ვფიქრობ, არჩევანის ანდრეზე შეჩერება დიდებული გადაწყვეტილება იყო. ის ახალგაზრდაა და უკვე დაამტკიცა, რომ დიდი კლუბის დიდ წარმატებამდე მიყვანა შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ძალიან კარგად იცის ინგლისური ფეხბურთი და საკუთრივ „ჩელსიშიც“ ჩინებულად ერკვევა. ის აქ ჟოზე მოურინიოს დროს მუშაობდა, ასე რომ ის ჩვენ გვიცნობს და ჩვენც ვიცნობთ მას. მას მეტოქე გუნდების დაზვერვა და მათი თამაშის ანალიზი ევალებოდა, რასაც დიდებულად აკეთებდა. მისი რჩევები ძალიან გვეხმარებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ანდრე „ჩელსიში“ დიდ შედეგს მიაღწევს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული