დი მატეოს უხარია

AutoSharing Option
რობერტო დი მატეო გვარწმუნებს, რომ მთავარი მწვრთნელობიდან ასისტენტად დაქვეითება რ აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის იტალიელი სპეციალისტი 2008-09 წლებში „მილტონს“ თავკაცობდა, 2009-11 წლებში კი „ვესტ ბრომვიჩს“. „ვესტ ბრომვიჩიდან“ დი მატეო თებერვალში დაითხოვეს და მას მერე უმუშევრად იყო, თუმცა გასულ ოთხშაბათს ახალი სამსახური იშოვნა - „ჩელსიში“ ანდრე ვილაშ-ბოაშის თანაშემწე გახდა.

დი მატეო ამბობს: „რასაკვირველია, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემებს არ ველი. კარგად ვიცი რასაც ნიშნავს ინგლისურ გუნდში მენეჯერად ანუ მთავარ მწვრთნელად მუშაობა. ამ საქმეში, ისევე, როგორც ჩვეულებრივ მწვრთნელად მუშაობაში
გამოცდილი ვარ. ერთი სიტყვით, ორივე პროფესიაში ვერკვევი და ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ანდრეს დავეხმარო. მზად ვარ „ჩელსის“ მწვრთნელთა ჯგუფის ნებისმიერ სხვა წევრსაც ამოვუდგე მხარში. ჩვენ გამარჯვებები გვჭირდება.

გასული სეზონის განმავლობაში „პორტოს“ თამაშს თვალს ვადევნებდი, ვნახე რა დიდებულ წარმატებას მიაღწია ვილაშ-ბოაშმა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ თანაშემწედ მიმიწვევდა. მისი შემოთავაზება სრულიად მოულოდნელი იყო. ძალიან გამიხარდა, რომ ანდრეს ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ სცოდნია და, თურმე, სწორედ ამიტომ მიმიწვია. ვფიქრობ, მას ფეხბურთი უყვარს, შეტევა, შემოქმედება აინტერესებს. და თუ, ბოლო წლებში, ჩემი მომზადებული გუნდების ერთი-ორი თამაში მაინც გინახავთ, დამეთანხმებით, რომ ამ ფილოსოფიასთან ბევრი საერთოს ნახვა შეიძლება. ყოველთვის ვცდილობდი ჩემს გუნდებს მოეგოთ, არ-წაგება ჩემი ამოცანა არასდროს ყოფილა. ჩემი საქმე შენება, პასებით თამაში გახლდათ.

ამიერიდან, „ჩელსის“ სათავეში ანდრე ვილაშ-ბოაში დგას და წარმატების მისაღწევად ჩვენ ყველანი მის შეხედულებებს მოვერგებით“.

შემდეგ, დი მატეომ სიამოვნებით აღნიშნა, რომ ვილაშ-ბოაშთან პირველივე ლაპარაკის შემდეგ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა: „ჩვენ ერთმანეთს პირველი სიტყვებიდანვე გავუგეთ. ვფიქრობ, კარგი პარტნიორობა ბუნებრივად ჩამოყალიბდა. ადამიანზე ხომ პირველივე შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, შენი ჭკუისაა თუ არა. დიდი მადლობა ვილაშ-ბოაშსა და რომან აბრამოვიჩს „ჩელსიში“ მუშაობის საშუალება რომ მომცეს“.

რობერტო დი მატეო „სტემფორდ ბრიჯზე“ 1996-2002 წლებში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 119 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული