"არსენალში" ასეთი სიტი-აციაა

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ უტევს: 27 მილიონ ფუნტს სთავაზობს და სანაცვლოდ გაელ კლიშისა და სამირ ნასრის ითხოვს. ის, რომ ისტლენდელებს კლიშისა და ნასრის ყიდვა სურდათ ინგლისურ პრესაში აქამდეც ეწერა და ამ თემას ჩვენც რამდენჯერმე გამოვხმაურებივართ, მაგრამ ახლა ყველაფერი ნაღდი ჩანს და, რაც მთავარია, ვადები გამოიკვეთა - ვაჭრობა ამ კვირაში გაიმართება.

კიდევ უფრო სწორად ასე შეიძლება თქმა: კლიშის მანჩესტერში გადაბარგებას ჩრდილოლონდონელები ასე თუ ისე შეგუებულები იყვნენ. ისიც ცნობილი იყო, რომ 25 წლის ფრანგი მარცხენა მცველი 7 მილიონად იყიდებოდა, მაგრამ ახლა, წინა პლანზე
24 წლის შემტევი ნახევარმცველის, სამირ ნასრის ამბავი წამოვიდა. გაზეთები წერენ, რომ თუ ნასრი ახალი კონტრაქტის შესახებ „არსენალთან“ ვერც ამ დღეებში მოილაპარაკებს, მისი ტრანსფერის გაჩერება ძნელი საქმე გახდება. გაზეთები იმასაც წერენ, რომ ნასრის ყიდვის იმედი ბოლომდე არც „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ გადასწურვიათ, მაგრამ განა თავად ფერგიუსონმა არ თქვა რამდენიმე დღის წინ, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ იმ კვირაში ნასრის „სიტი“ იყიდისო?

ნასრი ლონდონ კოლნის საწვრთნელ ბაზაზე ხუთშაბათამდე არ დაბრუნდება. მიზეზი: ისევე, როგორც სხვა მოთამაშეებს, რომელთაც სეზონის დამთავრების შემდეგ ნაკრებებში თამაშმა მოუწიათ, დასასვენებლად მასაც ერგო ორიოდ დამატებითი დღე. ვარსკვლავმა, რომელის „მეთოფეებმა“ 2008 წელს 15,8 მილიონ ფუნტად იყიდეს, თქვა, რომ ის გუნდიდან წასვლას ხელფასის კი არა, ტიტულების ნაკლებობის გამო ცდილობს:

„როდესაც ფეხბურთელს ტიტული არ მოგიგია, „ოქროს ბურთის“ ლაურეატად არავინ დაგასახელებს. ინგლისში ჯილდოების მოსაგებად ჩამოვედი, მაგრამ ჯერჯერობით არც აქ გამოდის რაიმე. ერთადერთი, რაც კარიერაში მომიგია, ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალია და მასაც დიდი ხნის წინ, 2004-ში დავესაკუთრე.

ხელფასზე ხმას არ ვიღებ. კარგა ხანია დიდ გასამრჯელოს ვიღებ. პრიორიტეტად ტიტულების მოგება მაქვს დასახული. ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია“.

ამბობენ, რომ „არსენალმა“ „მარსელისგან“ შეიძლება 26 წლის ფრანგი ნახევარმცველი მატიე ვალბუენა იყიდოს. სავარაუდოდ, მწვრთნელ არსენ ვენგერს ის ნასრის შემცვლელად წარმოდგენია. ვალბუენას აგენტმა, კრისტოფ ჰოტუმ თქვა:

„ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ჯერ არ მინდა. დღეს, ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი კლიენტი „მარსელის“ ფეხბურთელია და დღეს, შვებულების შემდეგ, გუნდში ჩვეულებრივ გამოცხადდება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული