ამრიგად, კლიშიმ „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და თავი დააღწია გუნდს, რომლის გადამკიდე ექვსი წლის განმავლობაში ერთი ჯილდოც კი არ მოეგო. ის, რომ ჩრდილოლონდონელებს „ქრონიკული წარუმატებლობის“ გამო გაექცა, კლიშიმ არც ინტერვიუში დამალა:
„მანჩესტერში იმიტომ გადმოვედი, რომ მოგება მინდა. ვუყურებდი „სიტის“ და ვხედავდი, რომ გუნდი ყოველწლიურად მეტად და მეტად ძლიერდებოდა.
ისტლენდელებს სულ ახალი ფეხბურთელები ემატებონენ და თან მათი მარტო სახელების გაგება ღირდა
შემდეგ კლიშიმ გაიხსენა თუ როგორ ატკინა გული „ქარლინგის თასის“ ფინალში „ბირმინგემთან“ სულელურმა წაგებამ, რასაც შემდეგაც „არსენალს“ საქმე დაღმა წაუვიდა.
„გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ „ბირმინგემთან“ წაგების შემდეგ ჩაფლავდა. აშკარაა, რომ თუ წარმატება გინდა, დიდი შემადგენლობა უნდა გყავდეს. ძნელია რამეს გახდე, როდესაც რობინ ვან პერსი და სესკ ფაბრეგასი დაგიშავდება“.
კლიში 18 წლის იყო, როდესაც „არსენალის“ ლეგენდარულ, დაუმარცხებელ გუნდთან ერთად პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ერგო. ახლა მას რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით სურს იმავეს გამეორება:
„მინდა იმ გუნდის დაცვის ნაწილი ვიყო, რომელიც ინგლისის ჩემპიონიც გახდება და ჩემპიონთა ლიგაშიც ბოლომდე ივლის“.
„მანჩესტერ სიტიში“ კლიშის ხელფასი კვირაში 90 ათასი ფუნტი იქნება. ენამწარე ინგლისელი ჟურნალისტები კი იხსენებენ რა თქვა მან ორი წლის წინ, როდესაც ისტლენდზე „არსენალიდან“ ემანუელ ადებაიორი გაიქცა. ფრანგს მაშინ ასე უთქვამს:
„თუ შენ ხარ მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთში მხოლდ ფული აინტერესებს, ესე იგი „მანჩესტერ სიტიში“ გადახვალ“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"