ვინ წავა ჩინეთსა და კუალა ლუმპურში?

AutoSharing Option
დუღს სატრანსფერო ბაზარი, გუნდები ყიდიან და ყიდულობენ ფეხბურთელებს, „ლივერპული“ კი პასიურობს - „სანდერლენდისგან“ 21 წლის ჯორდან ჰენდერსონი იყიდა და სულ ეს არის.

და იცით, რომ, ჯერჯერობით, ვერც ჰენდესონი იწყებს მერსისაიდურ კარიერას? ის დანიაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობდა და, შესაბამისად, „წითლებს“ შორეულ აღმოსავლეთში ვერ გაჰყვება - ახალგაზრდულის ბიჭებს დასვენებას „აიძულებენ“.

„ლივერპულს“ ჩინეთსა და კუალა ლუმპურში ვერც 31 წლის კაპიტანი სტივენ ჯერარდი გაჰყვება. გუნდის ხელმძღვანელებმა იბჭეს და გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე „ჯეროს“ მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვება აჯობებს. მწვრთნელმა კენი
დალგლიშმა თქვა:

„სტივენმა და „ლივერპულის“ ექიმებმა დიდი სამუშაო შეასრულეს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა კაპიტანი სრულყოფილ ვარჯიშებზე გადასულიყო და ახლა ბოლო ეტაპზე არიან. რასაკვირველია, ფანებს ეწყინებათ, როდესაც შეიტყობენ, რომ ჯერარდი ჩინეთსა და კუალა ლუმპურში ჩვენთან ერთად ვერ მოდის, მაგრამ, მერწმუნეთ, იმავე ხალხს ძალიან გაუხარდება, როდესაც პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველსავე ტურში, „სანდერლენდის“ წინააღმდეგ, მას შემადგენლობაში იხილავს. სანამ ჩვენ შორეულ აღმოსავლეთში ვიქნებით სტივენი მელვუდში ივლის და კარგად დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროგრამის მოთხოვნებს შეასრულებს. ეს როგორც კლუბის, ასევე მისი და გულშემატკივრის ინტერესებშია“.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა ბოლოს 6 მარტს ითამაშა. ეს გახლდათ კარგად დასამახსოვრებელი მატჩი მომავალ ჩემპიონ „მანჩესტერ იუნაიტედთან“, რომელიც „ლივერპულმა“ 3:1 მოიგო. დალგლიშის ნათქვამს ფეხბურთელმა დასძინა:

„ექიმებსა და ტექნიკურ პერსონალთან თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩემთვის, ამ ეტაპზე, მელვუდში დარჩენა და სარეაბილიტაციო პროგრამის ბოლომდე მიყვანა ყველაფერს აჯობებს“.

მაგრამ, მოდი სატრანსფერო ამბებს დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, ჰენდერსონის შემდეგ „წითლები“ „ასტონ ვილას“ 26 წლის მარცხენა გარემარბის, სტიუარტ დაუნინგის ყიდვას ცდილობენ, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი გამოსდით. „ვილა“ ჯიუტობს, შეთავაზებული ფული ეცოტავება. მერსისაიდელემბა ბირმინგემელებს, ახალი წინადადებით მიმართეს - 15 მილიონ ფუნტს აძლევენ, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღეს. დაუნინგი „ვილას“ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია და ბირმინგემელებს 19 მილიონად უღირთ.

ცნობილია, რომ საკუთრივ ფეხბურთელს „ენფილდ როუდზე“ სურს გადასვლა და „ასტონ ვილასთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას უარობს. ძველი კონტრაქტის თანახმად მას „ვილა პარკზე“ კიდევ ორი წელიწადი აქვს გასატარებელი.

არის ასეთი ვარიანტიც: „ლივერპულს“ შეუძლია ბირმინგემელებს ფულის გარდა 22 წლის ფრანგი თავდამსხმელი დავიდ ნგოგი შესთავაზოს. ეს ჭკვიანურია, რადგან „ვილას“ თავკაც ალექს მაკლიშს ნგოგის თამაში მოსწონს და თან, 27 წლის დარენ ბენტის თადარიგშიც სჭირდება ვინმე. თუმცა, მილდენდელებს, სავარაუდოდ, მაინც ფული ურჩევნიათ, რათა მერე თავის გემოზე იყიდონ ვისი ყიდვაც მოუნდებაც. შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილამ“ ამ ზაფხულზე ერთი კარგი ფეხბურთელი უკვე დაკარგა - „მანჩესტერ იუნაიტედს“ 25 წლის ეშლი იანგი მიჰყიდა.

რაც შეეხება ნგოგს, „ლივერპული“ მას თითქოს „სანდერლენდს“ აძლევდა, მაგრამ „შავმა კატებმა“ 4 მილიონი ფუნტი ვერ მოიძიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული