აქ, უნდა გავიხსენოთ, რომ „სფურზისა“ და „არსენალის“ ქიშპობა განსაკუთრებულია - საქმე საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჩრდილოლონდონურ დერბისთან გვაქვს.
პავლიუჩენკოს „მეთოფეების“ ჩამოტოვების იმედს მათი ბოლო წლების უიღბლობა და ხელმოცარულობა აძლევს. მოგეხსენებათ, „არსენალს“ ექვსი წელიწადია ერთი ჯილდოც კი არ მოუგია და გუნდიდან ფეხბურთელები გაურბიან. მათ ისეთ გუნდებში სურთ გადასვლა, სადაც რაიმეს მოიგებენ და ფეხბურთელის ხანმოკლე კარიერას მთლად ტიტულის გარეშე არ დაასრულებენ.
გასულ
„გასულ სეზონში ნაბიჯი უკან გადავდგით. ოთხეულში ვაპირებდით შესვლას, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. გაზაფხულზე ბევრი ქულა რომ არ დაგვეკარგა იქნებ სამეულშიც კი მოვხვედრილიყავით. ვფიქრობ, ამას ახალ სეზონში შევძლებთ, რადგან „ტოტენჰემი“ ძალიან ძლიერი გუნდია, ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით. პირველი და მეორე ადგილებისთვის ბრძოლა ჯერ ადრეა - „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ დანარჩენებს ერთი თავით გვჯობიან, მაგრამ ბოლო ორი სეზონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალს“ არაფრით ჩამოვუვარდებით“.
„არსენალი“ ამ ზაფხულს კიდევ უფრო დასუსტდა. გაელ კლიში „მანჩესტერ სიტიმ“ იყიდა, ისტლენდზე ითამაშებს სამირ ნასრიც, ხოლო კაპიტანი სესკ ფაბრეგასი იხვეწება, ამ კვირას ნუ გადამიცილებთ, ჩემს მშობლიურ „ბარსელონაში“ გამიშვითო. რაც შეეხებათ „დეზებს“, მათ, ჯერჯერობით, თავიანთი საუკეთესო მოთამაშეები არ გაქცევიათ: ლუკა მოდრიჩი კლუბის ხელმძღვანელობას გუშინ უნდა შეხვედროდა, გარეთ ბეილი კი თითქოს, არსად აპირებს წასვლას.
ორი სიტყვით მოდრიჩზე შევჩერდეთ: 25 წლის ხორვატს „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დევიდ ლივისთან გუშინ, ჩვენი დროით საღამოს 8 საათზე ჰქონდა შეხვედრა დანიშნული. მოგეხსენებათ, მოდრიჩის ყიდვა „ჩელსის“ უნდა და მზად არის მასში 22 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. თავად მოდრიჩსაც დასავლეთ ლონდონისკენ მიუწევს გული. მართალია, მან ორი თვის წინ „ტოტენჰემთან“ ექვსწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ ახლა სხვა ჭკუაზეა. სავარაუდოდ, „ჩელსის“ შეფები ეტყოდნენ, ოღონდ შენ ჩვენთან გადმოდი და კონტრაქტის დარღვევისთვის რა საკომპენსაციო თანხაც დაგეკისრება, გადაგიხდითო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ხორვატის ყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უნდა, თუმცა „სფურზის“ თავკაცი ჰარი რედნაპი იქადნება, რომ მოდრიჩს არსად გაუშვებს.
დავუბრუნდეთ პავლიუჩენკოს. ის ამბობს, რომ „არსენალზე“ უკეთესი შედეგის მიღწევა „სფურზის“ ფანებს განსაკუთრებულ სიხარულს მოჰგვრის:
„ლონდონში ჩამოსვლის დღესვე გამაფრთხილეს, რომ „ტოტენჰემისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი „არსენალთან“ თამაშია. დერბის დღეებში ორივე გუნდი მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ კი არა, საომრად გადის. თავს არავინ ზოგავს. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი“.
თუმცა თავად პავლიუჩენკოს მომავალიც გასარკვევია. მისი ყიდვა რუსეთის მდიდარმა კლუბმა, მახაჩყალის „ანჟიმ“ მოიწადინა. არც ფორვარდის „პირველი სიყვარული“, მოსკოვის „სპარტაკია“ გულგრილი.
„მახაჩკალიდან არავინ დამკავშირებია, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა მოხდება ხვალ“ - თქვა პავლიუჩენკომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"