რედნაპი: ლუკას გარეშე დავიქცევით!

AutoSharing Option
ჰარი რედნაპი შიშობს, რომ „ტოტენჰემიდან“ ლუკა მოდრიჩის წასვლა გუნდის დაშლას გამოიწვევს. მწვრთნელის თქმით, მას მერე, რაც „ჩელსიში“ გადასვლა აუკრძალეს, 25 წლის ხორვატს მოსვენება დაეკარგა. რედნაპმა თქვა:

„ბიჭი თავს აღარ ჰგავს. მისი შეძენა სხვა გუნდებს უნდათ, მაგრამ ჩვენ ის გვიყვარს და გვინდა მასზე დაყრდნობით ძლიერი „ტოტენჰემი“ ავაშენოთ. მის გაშვებას და ნაწილებად დაშლას კი არ ვაპირებთ, გაძლიერება გვაქვს გეგმაში. მოკლედ, ლუკა „სფურზში“ დარჩება“.

მოგეხსენებათ, მოდრიჩში „ჩელსი“ 22 მილიონ ფუნტს იხდიდა, მაგრამ „დეზებმა“ თავიანთი გამორჩეული ვარსკვლავის გაყიდვა არ ისურვეს. თავად ფეხბურთელს კი, მიუხედავად
იმისა, რომ „უაით ჰართ ლეინზე“ ექვსწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, წასვლა უნდა. ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილიდან დასავლეთით გადაბარგება მოდრიჩმა „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დენიელ ლივის სთხოვა, მაგრამ მან კაბინეტიდან ცივი უარით გამოისტუმრა. ლივიმ თქვა, რომ არ არსებობს თანხა, რომელიც მას აცდუნებს და ხორვატს გააყიდინებს. თავმჯდომარესთან დაძაბული და უსიამოვნო ლაპარაკის მეორე დღეს მოდრიჩი ვარჯიშზე მივიდა, სადაც რედნაპს შეხვდა. მოგვიანებით კი რედნაპმა ჟურნალისტებს ასე უთხრა:

„რომ გითხრათ, ლუკასთან შეხვედრით კმაყოფილი დავრჩი და გახარებული გელაპარაკებით, მეთქი, ტყუილი იქნება. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ბიჭს დარჩენა უნდა. პირიქით, აღელვებულია. აშკარაა, რთული მომენტის წინაშე დგას. მოკლედ, ჩვენს გუნდში დაძაბული ვითარებაა და, მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ, ყველმ კარგად ვიცით, ამ დაძაბულობის სათავე სადაც არის. მეორე მხრივ კი, მოდრიჩმა ჩვენთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, ჩვენ ის გვიყვარს და მასთან მუშაობა გვინდა“.

გუშინ მოგახსენეთ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ არ შეიძლება არ გავიმეოროთ: ინგლისურმა პრესამ გაიგო, რომ „ჩელსი“ ხორვატს კვირაში 150 ათას ფუნტს სჭირდება, ეს კი თითქმის ოთხჯერ მეტია იმაზე, რასაც „ტოტენჰემში“ უხდიან. გარდა ამისა, „ლურჯები“ სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაში გამოვლენ.

„ტოტენჰემის“ კიდევ ერთი ვარსკვლავი, 28 წლის ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი კი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მოდრიჩი „უაით ჰართ ლეინზე“ დარჩება. ის ამბობს:

„მან გვითხრა, რომ ჩვენთან ერთად თამაში უყვარს და დანარჩენ „დეზებთან“ ყოფნა სიამოვნებას ანიჭებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული