ვეტერანი ჰარგრივზი მოისვენებს

AutoSharing Option
ცნობილმა შვედმა მწვრთნელმა სვენ გორან ერიქსონმა YouTube-ს უყურა და, „ბაიერნში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ინგლისის ნაკრებში თამაშით ცნობილი, ტრავმებით დატანჯული ვეტერანი ნახევარმცველის, 30 წლის ოუენ ჰარგრივზის აყვანა გადაწყვიტა. ერიქსონი „ლესტერ სიტის“ მწვრთნელი გახლავთ, „მელიებს“ კი ახალი მდიდარი პატრონი ჰყავთ, რომელსაც კლუბის აღორძინება სურს.

„ლესტერის“ პატრონი ბანგკოკში მდებარე კორპორაცია „კინგ პაუერი“ გახლავთ, რომელიც ჩემპიონშიპის მეათე გუნდს სატრანსფერო ბაზარზე კარგად აფინანსებს. ამის დასტური გახლავთ ის, რომ ამ დღეებში „ლესტერმა“ ფეხბურთელში იმდენი ფული გადაიხადა, რამდენიც ამ საქმისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში ვერ გაემეტებინა -
5,2 მილიონ ფუნტად „რედინგისგან“ ცენტრალური მცველი მეტ მილსი იყიდა. აღსანიშნავია, რომ მილსის ყიდვა პრემიერლიგის „ვულვზსაც“ უნდოდა. შემდეგი, ვისაც ერიქსონი იყიდის, წესით ჰარგრივზი და „ბრისტოლ სიტის“ თავდამსხმელი ნიკი მეინარდი უნდა იყვნენ.

მოგეხსენებათ, ჰარგრივზი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 42 თამაში აქვს ჩატარებული, გასული სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაათავისუფლა. ასე დარჩა ფეხბურთელი უგუნდოდ და გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის მიეხედა - თავისი ვარჯიშები გადაიღო და YouTube-ზე „დააგდო“. ამით ჰარგრივზმა სცადა მწვრთნელებისთვის ეჩვენებინა, რომ ის ჯანმრთელად არის. ერიქსონმა თქვა:

„მე მისი ვიდეოჩანაწერები ვნახე. თუ ოუენს ჩვენთან თამაში უნდა, „ლესტერის“ კარი მისთვის ღია იქნება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული