მანუ იჩივლებს

AutoSharing Option
27 წლის ტოგოელმა თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა ვექილებთან კონსულტაცია გაიარა. ის „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. ადებაიორის რისხვა რობერტო მანჩინის ქცევამ გამოიწვია. მან აღმოაჩინა, რომ ექვს ცნობილ ფეხბურთელთან ერთად ისტლენდელთა პირველ გუნდში არ არის. ოდესღაც 25 მილიონ ფუნტად დაფასებული ფორვარდი ამბობს, რომ ადვოკატებმა მას სასამართლოში გამარჯვების იმედი ჩაუსახეს.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ტოგოელმა, რომელიც გასულ სეზონში „სიტის“ „რეალში“ ჰყავდა გაქირავებული, თქვა:

„ასეთი მოპყრობა შეუარცხმყოფელია და „მანჩესტერ სიტის“ კარგად ახასიათებს. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აპირებენ გადაქცევას, მეორე მხრივ კი,
ადამიანები, რომლებიც „სიტის“ სათავეში დგანან, საპირისპიროდ იქცევიან. ამხელა კლუბში ერთ კაცს არ ეყო კაცობა, მოსულიყო და ჩემთან პირისპირ ელაპარაკა.

ერთადერთი, ბრაიან მერვიდის მდივანი ქალისგან მივიღე შეტყობინება, რომ 9 ივლისს ვარჯიშები იწყება და ბაზაზე უნდა გამოვცხადდე. ამ ქალის გვარიც კი არ ვიცი, „სიტიში“ მას ყველა კლარის ეძახის. შემდეგ ბიჭებს გადავურეკე და გავიგე, რომ პირველი გუნდი 8 ივლისს ამერიკაში მიემგზავრება. ამრიგად, გასაგებია, რომ „სიტიში“ არ ვუნდივართ, მაგრამ დარეკვას რა უშლიდა ხელს? წარმოგიდგენიათ, ბრაიან მერვუდმა მდივან ქალს ჩემთვის მეილის გამოგზავნა დაავალა“.

პირველ გუნდს მიღმა დატოვეს სხვა მეტად თუ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელებიც: როკე სანტა კრუსი, კრეიგ ბელამი, შეი გივენი, უეინ ბრიჯი, ნედუმ ონუოჰა და მაიკლ ჯონსონი, თუმცა მათგან განსხვავებით ადებაიორი არ აპირებს ბედს შეეგუოს და მორჩილება გამოუხცადოს კლუბს, რომელმაც ორი წლის წინ მასში „არსენალს“ 25 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ტოგოელმა დასძინა:

„რა აზრი აქვს ჩემთვის ბაზაზე მისვლას, თუ მთელი გუნდი ამერიკაში იქნება? რაღა იქ მივიდე, სხვაგან ვივარჯიშებ ჩემთვის“.

ემანუელ ადებაიორს, კონტრაქტის თანახმად, „მანჩესტერ სიტიში“ კიდევ სამი წელიწადი აქვს გასატარებელი, მაგრამ ისტლენდზე გაჩერება აღარ უნდა. ტოგოელის ყიდვაზე უარს „რეალი“ და „ტოტენჰემი“ არ იტყოდნენ, მაგრამ „სიტიმ“ მას 14 მილიონი ფუნტი დაადო და ამ კლუბებმა უკან დაიხიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული