ვარსკვლავმა, რომელსაც „სფურზიდან“ „ჩელსიში“ გადასვლა სურს, თქვა, რომ ჩრდილოლონდონური კლუბის ქედმაღალმა თავმჯდომარემ, დენიელ ლივიმ, გასულ კვირაში, მასთან პირადი საუბრის დროს მუქარის ტონით ლაპარაკი იკადრა. მოდრიჩი სიბრაზეს ვერც ჟურნალისტებთან ამბის მოყოლის დროს მალავდა:
„თუ საჭირო გახდა, მოთხოვნას კლუბიდან განთავისუფლების შესახებ დავწერ და განცხადების სახით მივიტან. ლივის ჩემთან ასე არ უნდა ელაპარაკა - ძალიან უკმაყოფილო გახლავართ. მან თავის კაბინეტში ცივად მიმიღო და ქედმარლური ტონი ჰქონდა. მითხრა, რომ არც კი აინტერესებს რამ მიმიყვანა
შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ხორვატის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ „დეზების“ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა, ამ შეთავაზებას სასაცილო უწოდა. შემდეგ ლივიმ განაცხადა, რომ მოდრიჩი არანაირ ფასად არ გაიყიდება.
გამთამაშებელმა, რომელმაც გასულ ზაფხულს, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“, ახალ, ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თავმჯდომარისგან განსხვავებით, ჰარი რედნაპისადმი დიდი პატივისცემა დაადასტურა. მან თქვა, რომ რედნაპი კარგად შეხვდა და აგრძნობინა, რომ აფასებს მას. აი, ლივიმ კი, მოდრიჩის თქმით, სიტყვა გატეხა:
„მე მას შევახსენე, რომ ერთი წლის წინ, დუბროვნიკში ყოფნისას, ჩვენს შორის ჯენტლმენური პირობა დაიდო. მართალია, იმ დღეს კლუბთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაგრამ ისიც ვთქვით, რომ თუ ჩემი ყიდვით რომელიმე დიდი კლუბი დაინტერესდებოდა, დავსხდებოდით და ყველა მხარისთვის საუკეთესო გამოსავალს მოვიფიქრებდით. მე კაცურ სიტყვას ვენდობი და ლივის ნათქვამი ვიკმარე.
არადა, შემეძლო ამის კონტრაქტში, ერთ-ერთ მუხლად შეტანა მომეთხოვა. დღეს, ეს კაცი მიცხადებს, რომ არც კი მომისმენს. თურმე, არ აინტერესებს, რამ მიმიყვანა მის კაბინეტში. მან უხეშად გამომიცხადა, რომ „ტოტენჰემიდან“ არსად გამიშვებს. მეტიც, ლივი დამემუქრა, რომ თუ მის და კლუბის პირობას არ დავემორჩილები, სათადარიგოთა სკამზე ან სულაც ტრიბუნაზე დამსვამს და დამალპობს. ისიც კი მომახალა, მეორე გუნდში გადაგისვრიო. ვიმეორებ, მისმა ქცევამ დამარწმუნა, რომ ცამდე მართალი ვარ - „ტოტენჰემი“ რაც შეიძლება მალე უნდა დავტოვო“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"