ჰარგრივზის შანსი

AutoSharing Option
როი ჰოჯსონი 30 წლის ოუენ ჰარგრივზს პრემიერლიგაში დარჩენის შანსს აძლევს. უმრავლესობისთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო, რადგან ტრავმებით დატანჯული ვეტერანი უკვე ჩამოწერილად მიაჩნდათ.

„ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ თავკაცი მომავალი სეზონის გუნდს აყალიბებს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ გათავისუფლებულ „თავისუფალ აგენტს“ ასეთ ფორმულას სთავაზობს: „როგორც ითამაშებ, ისე გადაგიხდი“.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ორივე მუხლის მრავალჯერადი ტრავმით გაწამებული ჰარგრივზი ამ ზაფხულის პირას, სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვა. თავად განსაჯეთ, ნახევარმცველმა „იუნაიტედში“ გატარებული ოთხი წლის განმავლობაში, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 27 შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, „კაჭკაჭები“ რისკავენ და „ბაიერნის“ ყოფილი
ფეხბურთელისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას აპირებენ. ჰოჯსონი და ჰარგრივზი ამ კვირაში, ამერიკაში შეხვდებიან ერთმანეთს — „ალბიონი“ კვირას, სეზონისწინა შეკრებაზე, კალიფორნიაში გაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ ოუენ ჰარგრივზს თავისთან გადასვლა, ცოტა ხნის წინ, „ლესტერ სიტის“ თავკაცმა, ცნობილმა სვენ გორან ერიქსონმაც შესთავაზა. ერიქსონი ნახევარმცველს იმ პერიოდიდან იცნობს, თავად ინგლისის ნაკრებს რომ ედგა სათავეში და მას გუნდში იწვევდა. ჰარგრივზს ინგლისის ეროვნულ გუნდში 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ლესტერ სიტი“, გასულ სეზონში, ჩემპიონშიპში მეათე ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული