ისევ მოუტინიო ვიყიდოთო

AutoSharing Option
28 წლის მიკაელ ესიენმა „ჩელსის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე მარჯვენა მუხლი ისე იტკინა, რომ მის კარიერას საფრთხე დაემუქრა. როდის დაუბრუნდება განის ნაკრების ვარსკვლავი მოედანს ან, საერთოდ დაუბრუნდება თუ არა, ჯერ არავინ იცის, დანაკარგით შეშინებული ანდრე ვილაშ-ბოაში კი იძულებულია მის შემცვლელზე იფიქროს.

ამბობენ, რომ „ლურჯების“ ახალ მწვრთნელს შემცვლელად „პორტოში“ თავისი ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის პორტუგალიელი ჟოაო მოუტინიო ესახება.

მოუტინიოს საბაზრო ფასი 35 მილიონი ფუნტი ანუ 39,2 მილიონი ევროა, თუმცა იყიდიან დასავლეთ ლონდონელები მას თუ არა, ძალიან არის ლუკა მოდრიჩის „ტოტენჰემიდან“ ყიდვა-არყიდვის ამბავზე დამოკიდებული.
ისე კი, შეგახსენებთ, რომ სანამ მოდრიჩის თემა წამოიწეოდა, ვილაშ-ბოაში მოუტინიოს ყიდვას ითხოვდა.

არის თუ არა შანსი, რომ „პორტოს“ პრეზიდენტმა, პინტო და სილვამ მოუტინიოს ფასი დააკლოს? ძალიან საეჭვოა, რადგან ფულის 25 პროცენტი ნახევარმცველის წინა კლუბმა, ლისაბონის „სპორტინგმა“ უნდა წაიღოს. ინტერვიუში და სილვამ კატეგორიულად თქვა:

„უცხოეთის დიდ კლუბებს ჩვენს საუკეთესო ფეხბურთელებს იაფად არ მივყიდით. მოუტინიოს ცენტიც არ დააკლდება“.

„ჩელსის“ სატრანსფერო ამბებიდან კიდევ იმის მოყოლა შეიძლება, რომ 29 წლის ბრაზილიელი ალექსი 12,3 მილიონ ევროდ მალე, შესაძლოა, „ბაიერნის“ მოთამაშე გახდეს. ალექსი ცენტრალური მცველია, რომელსაც „ჩელსისთან“ 2013 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ დასავლეთლონდონელებმა იანვარში მისი თანამემამულე, 24 წლის დავიდ ლუიზი იყიდეს და ალექსი აღარ სჭირდებათ. ალექსის ყიდვა გერმანელი „რეკორდმაისტერის“ გარდა მადრიდის „ატლეტიკოს“, „პარმასა“ და „პარი სენ ჟერმენს“ სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული