ფულის ტომარა "იუნაიტედი"

AutoSharing Option
ვესლი სნეიდერი თანახმაა კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს. პრემიერლიგის ჩემპიონი „ინტერს“ მის სანაცვლოდ „ოლდ ტრეფორდისთვის“ არნახულ თანხას, 35 მილიონ ფუნტს ანუ 40 მილიონ ევროს უხდის. საოცარია ხელფასიც: 27 წლის ჰოლანდიელი უეინ რუნიზე მეტს მიიღებს. რუნის გასამრჯელო კვირაში 220 ათას ფუნტია. ჰოლანდიელის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა „სანს“ უთხრა:

„ყველანი ველოდებით, რომ ვესლის „იუნაიტედში“ გადასვლის ამბავს მალე გამოაცხადებენ. სავარაუდოდ ეს ოთხშაბათს მოხდება“.

სნეიდერის ყიდვის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონის ზაფხულის დანახარჯი 85 მილიონ ფუნტს გადააჭარბებს. აქამდე „იუნაიტედს“ ფულის ტომრის სახელი არ ჰქონდა. პირიქით, 2009 წელს ფერგიმ,
როდესაც „რეალს“ კრიშტიანო რონალდო მიჰყიდა, კლუბს 80 მილიონი შემოუვიდა. ახლა „ინტერის“ ბიზნეს-წარმატების წელიწადია. მილანურმა წყარომ „სანს“ უამბო:

„ვესლიმ, ბოლო დღეებში, ჰოლანდიელ მეგობარ ნაიჯელ დე იონგს, რომელიც „სიტიში“ თამაშობს, დაწვრილებით გამოჰკითხა მანჩესტერის ამბები. მას აინტერესებდა სად არის ქალაქში საცხოვრებლად მოხერხებული რაიონები. ნაცნობებისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ოფიციალურად რას იტყოდნენ „ინტერი“ თუ თავად ვესლი. მათთვის ცხადი იყო, რომ სნეიდერს გეზი „იუნაიტედისკენ“ ჰქონდა აღებული. აშკარაა, რომ ეს მოთამაშისთვის კარგი ტრანსფერია, კლუბისთვის კი სარფიანი ვაჭრობა“.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერმა „ინტერში“ თამაში 2009 წელს დაიწყო. მანამდე ის „რეალში“ გამოდიოდა. „ნერაძურისთან“ ერთად ჰოლანდიელმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, იტალიის ჩემპიონის ტიტულიც და ამ ქვეყნის თასიც. გასულ სეზონში გამთამაშებელს ტრავმამ შეუშალა ხელი — სულ ოცდახუთჯერ მოახერხა შავ-ლურჯი ფორმით თამაში. „ინტერმა“ სერია ა-ში თანაქალაქელი „მილანის“ შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული