"ჩელსიმ" მაზანდა ასწია

AutoSharing Option
„ჩელსიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 25 წლის ლუკა მოდრიჩის სანაცვლოდ 27 მილიონი ფუნტი შესთავაზა. ეს პირველ შეთავაზებაზე 5 მილიონით მეტია, თუმცა ინგლისური ტაბლოიდები წერენ, რომ საეჭვოა ამან „დეზებს“ გადაწყვეტილება შეაცვლევინოს - ჩრდილოლონდონელებს შემტევი ნახევარმცველი სხვისთვის არ ემეტებათ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ უკომპრომისო პოზიციაზე გაბრაზებული მოდრიჩი განთავისუფლების შესახებ განცხადების დაწერით დაიმუქრა.

მასმედია აგრეთვე წერს, რომ ხორვატის შეძენის სურვილი შესაძლოა მანჩესტერელმა კონკურენტებმა, „იუნაიტედმა“ და „სიტიმ“ გამოთქვან. მაშინ მდგომარეობა, რასაკვირველია, გართულდება. მანჩესტერელებს რაღა უნდათ? საქმე ის არის, რომ მათ „არსენალის“ ფრანგი ნახევარმცველის, 24 წლის სამირ ნასრის
ყიდვა უნდოდათ, მაგრამ „მეთოფეთა“ თავკაცმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ის „ემირეიტ სთედიუმზე“ დარჩება:

„დარჩება თუ არა ნასრი ჩვენთან? დარჩება. ახალ კონტრაქტს თუ გავაფორმებთ? იმედი მაქვს, რომ გავაფორმებთ. როდესაც ამა თუ იმ ფეხბურთელს თავის კლუბთან ერთი წელიწადიღა რჩება, ჩვეულებისამებრ დიდი ამბავი ტყდება ხოლმე. იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მაგრამ სამირი „არსენალის“ ერთგულია“.

ამრიგად, ვენგერის პოზიცია ნათელია. მწვრთნელს ურჩევნია ნასრი კიდევ ერთი წლით დაიტოვოს და გაისად უკაპიკოდ გაუშვას, ვიდრე დღეს ფული მოიგოს (20 მილიონ ფუნტზე იყო ლაპარაკი), მაგრამ ვარსკვლავი დაკარგოს. საინტერესოა, რაც ნასრის შესახებ „იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა:

„ახლა უკვე ძალიან მეეჭვება, რომ ის „არსენალიდან“ წავიდეს“.

ამრიგად, ნასრი, როგორც ჩანს, „არსენალში“ რჩება რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერული კლუბები მოდრიჩზე გადაერთვებიან. თუმცა, მოდრიჩთან დაკავშირებით „იუნაიტედს“ ალბათ, მაინც ტყუილად ვახსენებთ, რადგან ფერგიუსონი ვესლი სნეიდერს ყიდულობს - არადა, პირველი კლუბი, ვისაც ხორვატის შეძენა უნდოდა, სწორედ „იუნაიტედი“ იყო.

მოდრიჩის ახლობელმა „სანს“ განუცხადა: „ლუკა „ტოტენჰემიდან“ გაქცევაზეა. გამორიცხულია, მან კარიერა „სფურზში“ გააგრძელოს“.
ამასობაში „ტოტენჰემმა“ „ბარსელონასგან“ 18 წლის კრისტიან სებალოსი იყიდა. ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც სახელი ბავშვობაში, ოთხი წლის წინ გაითქვა, როდესაც რონალდინიოს ბაძავდა და ეს ვიდეოზე გადაიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული