კაცობის ამბავი!

AutoSharing Option
ჯეკ უილშირმა თავის კაპიტან სესკ ფაბრეგასს ხმამაღლა და მკვახედ შეუძახა, კაცურად მოიქეცი, „არსენალში“ დარჩიო. ჩრდილოლონდონელთა 19 წლის ვარსკვლავისგან ასეთ თამამ გამოხდომას არავინ ელოდა.

ამასთან, ნათელი გახდა, რომ თუ ფაბრეგასი „ბარსელონას“ წლეულსაც უარს ეტყვის და მართლა „არსენალში“ დარჩება, ბიჭები მას მხარში ამოუდგებიან და ერთხმად აღიარებენ თავიანთ ლიდერად.

„მეთოფეები“ კუალა ლუმპურში არიან, სადაც ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. კაპიტანი გუნდს თან არ ახლავს, მაგრამ მიზეზი სატრანსფერო გაუგებრობა კი არა, კუნთის ტკივილია. რაც შეეხება „ბარსასა“ და „არსენალს“ შორის მოლაპარაკებებს, ეს პროცესი ბოლო დღეებში მინელდა.
შეგახსენებთ, რომ მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, უკვე თამამად გამოთქვა იმედი, რომ ფაბრეგასს „ემირეით სტედიუმზე“ დატოვებს. რაც შეეხება უილშირს, მან გადაწყვიტა კაპიტანი მკვახე შეძახილით გამოეფხიზლებინა და დაენახვებინა მისთვის, რომ ბიჭებს სჭირდებათ.

„ერთგულება ფეხბურთის მნიშვნელოვანი ნაწილია და კარგად აჩვენებს კაცი ხარ თუ არა. ერთგული ადამიანები ნამდვილი კაცები არიან. ჩვენ, „არსენალში“ ერთგული ბიჭები გვყავს და ეს, ადრე, ბევრჯერ დამტკიცებულა. სესკმა ერთგულება შარშან ამ დროს გამოამჟღავნა, წლეულს კი იმედი მაქვს, რომ იმავეს უფრო მეტი ფეხბურთელი გააკეთებს. აი, მერე კი ვნახოთ, მოვიგებთ რაიმე ჯილდოს თუ ვერა“.

რასაკვირველია, უილშირმა „უფრო მეტ ფეხბურთელში“ უპირველეს ყოვლისა სამირ ნასრი იგულისხმა. 24 წლის ფრანგ ნახევარმცველს „არსენალში“ ერთი წელიწადიღა დარჩა გასატარებელი. აქამდე ამბობდნენ, რომ ის მანჩესტერის ერთ-ერთ გუნდში გადადიოდა, თუმცა ორიოდ დღის წინ, ვენგერმა განაცხადა, რომ ნასრი „ემირეიტზე“ რჩება.

შემდეგ, უილშირმა 23 წლის ფაბრეგასის მდგომარეობა „ტოტენჰემის“ ხორვატი ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის მდგომარეობას შეადარა.
„ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, ეს ვიცით და ვცდილობთ საუკეთესო ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. თუ დააკვირდებით, ყველა გუნდში ასეთივე მდგომარეობაა. იმისათვის რომ გაიმარჯვო ვარსკვლავები უნდა გყავდეს. შეხედეთ, რა ხდება „ტოტენჰემში“, ისინი მოდრიჩის დასატოვებლად იბრძვიან. რობინ ვან პერსიმ თქვა, რომ თუ სესკს დავკარგავთ, გავნადგურდებით. მეც იმავეს ვამბობ. ის ჩემთვის სამაგალითო იყო და ყოველთვის მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი“.

შეგახსენებთ, რატომ გარბიან ფეხბურთელები „არსენალიდან“. საქმე ის არის, რომ „მეთოფეებს“ აგერ უკვე ექვსი წელიწადია არანაირი ჯილდო არ მოუგიათ. გასულ სეზონში გუნდს ერთბაშად ოთხი ტიტულის მოგების პრეტენზია გაუჩნდა, მაგრამ „ქარლინგის თასის“ ფინალში, „ბირმინგემთან“ დამარცხებით რომ დაიწყო, გაგრძელდა და გაგრძელდა - ვენგერი და მისი გუნდი კვლავ პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ჯილდოს მოსაგებად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, - თქვა უილშერმა. - გასულ სეზონში საქმე „ბირმინგემთან“, ბოლოწამს გაშვებულმა სულელურმა გოლმა გაგვიფუჭა. სამწუხაროდ, ყოველ წელიწადს ერთი და იგივე მეორდება, გაზაფხულზე ცუდად ვთამაშობთ. იქნებ, ერთი-ორი ფეხბურთელის დამატებამ ეს პრობლემა გამოასწოროს“.

ბოლოს კი უილშირმა საკუთარ თავზე ილაპარაკა: „9 წლის ასაკიდან „არსენალში“ ვარ. ამ ხნის განმავლობაში თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი. „არსენალი“ ჩემზე ყოველთვის ზრუნავდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული