ჩავის შავი პიარი

AutoSharing Option
„არსენალის“ მწვრთნელი, არსენ ვენგერი ბარსელონელი ვარსკვლავის, ჩავის ნათქვამმა გააბრაზა. ჩავის თავისი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უთქვამს სესკ ფაბრეგასი „მეთოფეებთან“ იტანჯებაო. ჩრდილო ლონდონელთა თავკაცმა განაცხადა:

„თუ ჩავიმ მართლა ასე თქვა, ეს მისი მხრიდან დიდი უპატივცემულობაა. თან, ეს ფეხბურთელი ამ დამოკიდებულებას პირველად არ ამჟღავნებს. „არსენალის“ წინააღმდეგ ის ადრეც გამოსულა. თუმცა, ფაბრეგასის ისტორიაში მთავარი ის კი არ არის, ვინ რა თქვა, არამედ ის, რომ სესკს ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა“.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველის ნათქვამს, ის ასეთი გახლდათ:
„სესკმა მითხრა, რომ იტანჯება, რადგან ჩვენთან უნდა გადმოსვლა. ის ყველა ღონეს იხმარს, რათა ლონდონელებს თავი გააშვებინოს. ფაბრეგასს თავისი სურვილი არ დაუმალავს, ყველაფერი ნათლად გამოაცხადა და ახლა მისი მომავალი „არსენალზეა“ დამოკიდებული“.

„ბარსელონას“ საკუთარი სკოლის აღზრდილის, 24 წლის ფაბრეგასის ყიდვა შესაძლოა ასე ძალიან იმიტომაც უნდა, რომ ჩავი უკვე 31 წლისაა და, თანდათანობით, კარიერის განმავლობაში მიღებული ტრავმები მეტად და მეტად აწუხებს. კატალონიელებმა „არსენალს“ სესკის სანაცვლოდ 31,6 მილიონი ფუნტი (35,8 მილიონი ევრო) შესთავაზეს, თუმცა ჩრდილოლონდონელები 40 მილიონი ფუნტიდან (45,3 მილიონი ევრო) ფეხს არ იცვლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული