დაუნინგიც გაიყიდა!

AutoSharing Option
26 წლის გარემარბი, სტიუარტ დაუნინგი „ლივერპულში“ ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულებაა 20 მილიონი ფუნტი. „ასტონ ვილა“ თავიდან ძალიან ენერგიულად აცხადებდა, რომ დაუნინგი არ იყიდებოდა, მაგრამ როდესაც თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ მერსისაიდზე სურს გადასვლა და აშკარად გამოჩნდა, რომ მისი ნათქვამი სავაჭრო ხერხი კი არა, გულიდან წამოსული სურვილი იყო, ბირმინგემელები გატყდნენ.

„ასტონ ვილას“ დაუნინგის შემცვლელად „უიგანის“ 25 წლის ფრანგი ნახევარმცველი, შარლ ნ’ზოგბია ესახება და, როგორც წერენ, ეს საქმეც, გაჩარხულია. ნ’ზოგბიაში „ვილა“ 9 მილიონ ფუნტს იხდის.

დაუნინგი გასულ სეზონში „ასტონ ვილას“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კონტრაქტის
თანახმად მას „ვილა პარკზე“ კიდევ ორი წელიწადი უნდა გაეტარებინა, მაგრამ ინგლისის ნაკრებში ბოლო გამოძახების დროს, მოულოდნელად განაცხადა, რომ ბირმინგემიდან წასვლა უნდოდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ასტონ ვილას“ პირველი ოფიციალური რეაქცია კატეგორიული იყო - კლუბის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ გარემარბს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიდნენ. მათ 15 მილიონიან შემოთავაზებაზეც უარი თქვეს, მაგრამ შემდეგ, კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ რენდი ლერნერმა პირველი ნათქვამი ჩვეულებისამებრ უარყო და ფეხბურთელი გაყიდა.

მეპატრონის ასეთმა ქცევამ ბირმინგემელ ფანებს ეჭვი გაუჩინა - აქვს კი ამ კაცს რაიმე ამბიცია? მოგეხსენებათ, ლერნერმა ცოტა ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეშლი იანგი მიჰყიდა. ბოლოს და ბოლოს ფეხბურთია თუ მშრალი ბიზნესი?

შეგახსენებთ, რომ დაუნინგი „ასტონ ვილამ“ 2009 წელს „მიდლსბროსგან“ იყიდა. მასში ბირმინგემელებმა 12 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. გასულ სეზონამდე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ გარემარბს ფასი თუ დააკლდებოდა, თორემ მომატებით ნამდვილად არ მოემატებოდა, მაგრამ გასულ სეზონში ყველაფერი შეიცვალა - ის შესანიშნავად ათამაშდა და სეზონის ბოლოს „ვილას“ დირექტორები მიადგნენ კიდეც ახალ კონტრაქტზე სალაპარაკოდ, მაგრამ დაუნინგმა უკვე იცოდა, რომ მისი ყიდვა „ლივერპულს“ სურდა.

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ნ’ზოგბიას, ის „ვილას“ ახალ მწვრთნელ ალექს მაკლიშს ერთი წლის წინ კინაღამ მის წინა გუნდში, „ბირმინგემ სიტიში“ შეუერთდა. მაშინ, „სიტიმ“ ფრანგს დიდი ხელფასი ვერ დაუნიშნა, „ვილას“ კი, იანგისა და დაუნინგის გაყიდვით ფული შემოუვიდა. დღეს-ხვალ „ვილა“ ირლანდიელ მეკარეს, 35 წლის შეი გივენსაც იყიდის „მანჩესტერ სიტისგან“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული