ვენგერის კოშმარული წელიწადი

AutoSharing Option
არსენ ვენგერმა თქვა, რომ გასული სეზონი მის კარიერაში ყველაზე მძიმე იყო. შეგახსენებთ: „არსენალი“ ერთბაშად ოთხ შეჯიბრებაში გამარჯვებას უმიზნებდა, მაგრამ ხელცარიელი დარჩა. „მეთოფეთა“ თავკაცმა თქვა:

„ის, რაც გაზაფხულზე მოხდა, ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე მონაკვეთი იყო. ემოციურად ამის გადატანა რთული აღმოჩნდა. კალაპოტიდან სრულიად ამოვარდნილებმა სამი თუ ოთხი კვირა კოშმარში გავატარეთ“.

გეხსომებათ, რომ ჩრდილოლონდონელთა იმედიანი სვლა „ქარლინგის თასის“ ფინალში, „ბირმინგემ სიტისთან“ დამარცხებამ დაასრულა. საქმე მერე აირია და გუნდმა ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ სამი მოიღო. საბოლოოდ, „არსენალი“ პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე გავიდა და პირდაპირ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვეღარ მოხვდა - აგვისტოში შესარჩევი ეტაპი ელის.

დღეს, ფრანგი მწვრთნელის სახეზე უკვე დაძაბულობა იკითხება. ის ამბობს:

„რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ჩემს გუნდს ყველაფრის მოგება შეეძლო. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ განსაკუთრებულ შედეგს მივაღწევდით. ნოემბერსა და დეკემბერში ისე ვთამაშობდით, რომ შეუძლებელი იყო რაიმე სერიოზულზე არ გვქონოდა პრეტენზია. წარმატება მართლაც ხელის ერთ გაწვდენაზე ჩანდა“.

მაგრამ, როგორც ვთქვით, ეს ყველაფერი ქარმა წაიღო და დღეს, ვენგერი უკვე მომავალზეა გადართული. ის იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში მაინც გამოასწორებს საქმეს. „არსენალს“ ხომ ექვსი წელიწადია ერთი ჯილდოც კი არ მოუგია.

ვენგერი განაგრძობს: „მწამს, რომ ამ გუნდს დიდი გამარჯვებები ელის. თავად ბიჭებმაც ხომ ჩემზე არანაკლებ იცოდნენ, თუ რა ახლოს იყვნენ ოცნების ასრულებასთან. ასეთ დროს უნდა თქვა: რაც არის, არის, შანსი ხელიდან გავუშვით, მაგრამ ახლა ძალ-ღონეს მოვიკრებთ და მაინც მივაღწევთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. ამისი გულწრფელად მჯერა, რადგან ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ მხოლოდ პროგრესია. სწორედ ამის დამტკიცებას ვაპირებთ მომდევნო სეზონში“.

„არსენალის“ ფანებს ახალი შენაძენის, „ლილისგან“ 13 მილიონ ევროდ ნაყიდი 24 წლის კოტ დ’ივუარელი ჟერვინიოს იმედი აქვთ. ის თავდამსხმელია. გარემარბობაც შეუძლია.

„ამ ბიჭს ძალიან საინტერესო თვისებები აქვს. დარწმუნებული ვარ ფანებს აღაფრთოვანებს და მათი საყვარელი ფეხბურთელი გახდება. ბურთის გარეშე დიდებულად გადაადგილდება, პოზიციებს ეძებს და იცვლის. სწრაფია, შეტევა მარჯვნიდანაც შეუძლია და თავდასხმის ცენტრშიც კარგად გრძნობს თავს. ჟერვინიოს გოლების გატანა თავადაც ეხერხება და ასისტენტობაშიც ყოჩაღია. საფრანგეთის ჩემპიონატის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველაზე მეტი გოლი სწორედ მისი გადაცემის წყალობით გავიდა. ერთი სიტყვით, ჟერვინიო „არსენალის“ შეტევას ძალიან გააძლიერებს“.

ეს ყველაფერი ვენგერმა ჩინეთში თქვა, სადაც მის გუნდს ათასობით თაყვანისმცემელი დახვდა. „მეთოფეთა“ მწვრთნელმა აღიარა, რომ არ ელოდა ინგლისიდან ასე შორს ამდენი მხარდამჭერი თუ ეყოლებოდა. ის ჩინელ ფანებს ლამაზ ფეხბურთს და გამარჯვებებს დაპირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული