პრემიერლიგაში წესი შეიცვალა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მწვრთნელები ახალი სეზონიდან შვებით ამოისუნთქავენ - მათ ნება ეძლევათ თამაშიდან თამაშამდე შემადგენლობა ცვალონ და ამის გამო არავინ დასჯით. მიხვდით, არა რაზეც არის ლაპარაკი? აქამდე, თუ გუნდი წინა შეხვედრასთან შედარებით თერთმეტეულს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, მას აჯარიმებდნენ. ითვლებოდა, რომ მწვრთნელმა უპატივცემულობა გამოამჟღავნა და ვიღაცას, ვიღაცისგან განსხვავებით შესუსტებული შემადგენლობით ეთამაშა. ახლა ასე აღარ იქნება. თუკი გადასხვაფერებული შემადგენლობის წევრები რეგისტრირებული 25 კაციდან იქნებიან, აუგი არავის დაცდება.

ამ კანონის შემოღება უპირველეს ყოვლისა იმ კლუბებს გაეხარდებოდათ, რომელთაც ევროპულ შეჯიბრებებში უწევთ გამოსვლა. მათ ფეხბურთელების დასვენება შეეძლებათ, მაგრამ
რაღა ეშველება საწყალ, პრემიერლიგიდან გავარდნულ „ბლექპულს“? გახსოვთ, ამ სიმპატიური გუნდის მწვრთნელმა, იან ჰოლოუეიმ, შუა კვირაში, „ვესტ ჰემთან“ თამაშამდე სამი დღით ადრე, „ასტონ ვილასთან“ ათი ფეხბურთელით სახეცვლილი შემადგენლობა რომ ათამაშა და ამის გამო 25 ათასი ფუნტი რომ დააკისრეს? მაშინ ჰოლოუეი ძალიან გაბრაზდა. ის მწვრთნელობიდან წასვლით იმუქრებოდა და ამბობდა, რომ ვისი რა საქმეა, როგორ შემადგენლობას ათამაშებს ამა თუ იმ შეხვედრაში, თუკი თერთმეტ კაცში პირველი გუნდის რეგისტრირებული წევრები იქნებიან?

„რა უფლებით მიკრძალავენ გავაკეთო ის, რაც მინდა? - მრისხანებდა მაშინ ჰოლოუეი - ვინ ოხრები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჩემი გუნდიდან ეს თუ ვათამაშე, მოედანზე ძლიერი შემადგენლობა გამიყვანია, ხოლო ის თუ ვათამაშე, სუსტი?“

თუმცა, ამ გაბრაზებამ „ბლექპულს“ არაფერი უშველა. ახალ სეზონში ეს გუნდი ჩემპიონშიპში ითამაშებს, თუმცა პრემიერლიგელ კოლეგებს ხმა „დაბლიდანაც“ მოაწვდინა. კლუბის მდივანმა მეტ უილიამსმა თქვა: „რასაკვირველია, არც 25 ათას ფუნტს დაგვიბრუნებს ვინმე და არც ბოდიშს მოგვიხდის, მაგრამ საღი აზრის გამარჯვება მაინც სასიამოვნოა. ჩვენმა შემთხვევამ მართლაც მოაშიშვლა ძველი წესის მახინჯი სახე“.

საინტერესოა, რომ პრემიერლიგის ჩინოვნიკებს საკითხის ორთვიანი შესწავლა დასჭირდათ, რომ დაესკვნათ ჰოლოუეიმ „ასტონ ვილასთან“ შესუსტებული შემადგენლობა ათამაშა თუ არა.

ასეთივე შემთხვევა იყო 2009-10 წლების ჩემპიონატში, როდესაც „ვულვერჰემპტონმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთი შემადგენლობა ათამაშა (3:0 წააგო), „ბარნლისთან“ კი მეორე და 2:0 მოიგო. თუმცა, გულწრფელები რომ ვიყოთ, რასაკვირველია, მიკ მაკარტიმ „იუნაიტედთან“ საუკეთესო შემადგენლობა დაასვენა - მაინც წააგებდა და ფეხბურთელები ტყუილად უნდა დაღლილიყვნენ - ოღონდ აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: „ვულვზის“ დროს პირველი გუნდის 25 კაციანი განაცხადი არ არსებობდა. მაშინ ნებისმიერ კლუბს შეეძლო გუნდში ფეხბურთელების შეუზღუდავი რაოდენობა ჰყოლოდა და თერთმეტი კაცი რეზერვის რეზერვიდან შეერჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული