ჩხუბი ამხანაგურად

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია საქმეს ბოლომდე ჩაჰყვება და მტყუან-მართალს გაარკვევს: დარლინგტონში, „ნიუკასლ იუნაიტედის“ ფანებმა აყალ-მაყალი მოაწყვეს.

ეს ამბავი სეზონისწინა ამხანაგური თამაშის დროს მოხდა. „კაჭკაჭებს“ ნიუკასლიდან 50 კილომეტრში მდებარე დარლინგტონში 6 ათასამდე გულშემატკივარი ახლდათ, რომელთაგან დაახლოებით 500 მოედანზე ჩახტა. მათ, ასე, 19 წლის თავდამსხმელის, სემი ამეობის გოლი აღნიშნეს.

არეულობის დროს ნიუკასლელმა ფანებმა სტიუარტს სახეში გაარტყეს. შემდეგ, თითქოს, დაწყნარდნენ, მაგრამ ერთი ხანი რომ გავიდა, იგივე გაიმეორეს - კვლავ გადაეშვნენ მოედანზე. ეს „დარლინგტონის“ მწვრთნელისთვის, მარკ კუპერისთვის გამოდგა მეტისმეტი. მან ფეხბურთელებს უხმო და გასახდელში შეიყვანა.

ფაქტია, რომ ფეხბურთის ასოციაციას მომხდარის შეფასება მოუწევს, ოღონდ ვერდიქტის გამოტანამდე ის ორივე მხარეს, პოლიციელებს და ადგილობრივ ხელისუფლებს დაელაპარაკება. ასოციაციის პრეს-მდივანმა განაცხადა:

„ორშაბათს ორივე კლუბს დავუკავშირდებით. შევეხმიანებით სხვა პასუხისმგებელ პირებსაც, რომელთაც რაც შეიძლება სრულყოფილი და ამომწურავი სურათის დახატვას ვთხოვთ. შემდეგ ნაბიჯს მხოლოდ მას მერე გადავდგამთ, რაც ინციდენტის შესახებ ყველაფერი გვეცოდინება“.

გაზეთები წერენ, რომ ასოციაცია შეეცდება „ნიუკასლ იუნაიტედი“ დაინდოს და მის გულშემატკივარს, მომავალ სეზონში, სხვადასხვა ქალაქში სტუმრობები არ აუკრძალოს. სავარაუდოდ, თავად „კაჭკაჭები“ გამოიჩენენ ინიციატივას და რამდენიმე ხულიგანს გრძელვადიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული