დიდი ექვსეული

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ მომავალ სეზონში პრემიერლიგის ტიტულს ექვსი გუნდი შეეცილება ერთმანეთს.

რასაკვირველია, ფერგი ამ ექვსში, უპირველეს ყოვლისა, ტრადიციულ „დიდ ოთხეულს“ გულისხმობს. მერე რა, რომ „არსენალს“ არც გასული სეზონის ბოლო უვარგოდა და ზაფხულში, სატრანსფერო ბაზარზეც ვერაფერს ახერხებს. მართალია, კაცმა არ იცის როგორ დასრულდება სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის ამბავი. არსენ ვენგერს შესაძლოა ერთიც გაექცეს და მეორეც, მაგრამ „მეთოფეები“ ყველა ვარიანტში ფავორიტებად დარჩებიან.

რაც შეეხება „ლივერპულს“, ის ინგლისის ჩემპიონატში 1990 წლის შემდეგ ხელმოცარული დადის, მაგრამ სწორედ ეს
აძლევს სტიმულს. ამას დაამატეთ „მანჩესტერ სიტი“, რომელიც ყოველწლიურად იკრებს ძალებს, მომავალ სეზონში კი უკვე უმაღლესი მწვერვალების დასალაშქრად ემზადება. პლუს, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ - გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა და... სწორედ ეს არის მისი დიდი უპირატესობა. „დეზები“ სხვებზე ნაკლებად დაიღლებიან.

„ძალიან დავეჩვიეთ ტოპ-ოთხეულზე ლაპარაკს. ოთხეულში ჩვენ, „არსენალი“, „ჩელსი“ და „ლივერპული“ ვიგულისხმებით, მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ ოთხ გუნდზე ლაპარაკი აღარ შეიძლება. აშკარაა, რომ ლიდერთა გუნდს „მანჩესტერ სიტი“ შემოუერთდა. ისტლენდელებს ყველა ჩვენგანზე მეტი ფული აქვთ და საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვაც შეუძლიათ.

რაც შეეხება „ტოტენჰემს“, ვფიქრობ, გასულ სეზონში ამ გუნდს პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ერთდროულად გამოსვლამ უარყოფითი დაღი დაასვა, დაღალა. ამიტომაც დაამთავრეს ჩემპიონატი ოთხეულს მიღმა. მაგრამ, როდესაც ამ გუნდებს და მათ პოტენციალს უყურებ, ხვდები, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა“.

ინგლისური გაზეთები კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ ფორმაზე ამახვილებენ ყურადღებას და წერენ, რომ სერ ალექსის მიერ ჩამოთვლილ ხუთი გუნდის მოედანზე ჩემპიონს სწორედ ამ უჩვეულო „შავ-ლურჯი“ მაისურებით მოუწევს თამაში. ეს ფორმა „ნაიკის“ დიზაინერებმა 1948 წლის ფეხბურთის ასოციაციის ფინალისტი და 1968 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი „იუნაიტედის“ ფორმათა მიხედვით შექმნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული