„ლონდონიდან შემოგვითვალეს, რომ თუ სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი ამ თვეში არ განხორციელდება, ფეხბურთელს აღარ გაყიდიან. მათ თქვეს, რომ საკმარისად დიდი პატივისცემა გამოამჟღავნეს, როგორც ფაბრეგასის, ასევე „ბარსას“ მიმართ, ახლა კი დროა ისტორიას წერტილი დაესვას, რადგან დღევანდელი მდგომარეობა მათზე
სესკის გაყიდვის თემაც ამიტომ აგორდა. ჩვენო, თქვეს „არსენალის“ წარმომადგენლებმა, მთელი ზაფხული ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ ივლისის ბოლოს ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთო. ჩვენთან, კლუბში ყველას ესმის, რომ „არსენალი“ ფაბრეგასს ფასს აღარ დააკლებს და ჩვენს შეთავაზებულ თანხას არ დაყაბულდება, მაგრამ საბოლოო სიტყვა, რასაკვირველია, პრეზიდენტმა სანდრო როსელმა უნდა თქვას“.
მოგეხსენებათ, ფაბრეგასი დაშავებული იყო და „მეთოფეებს“ მალაიზიასა და ჩინეთში ამიტომ არ ახლდა. დღეს, როდესაც გუნდი ინგლისს დაბრუნდა, მას და მწვრთნელ არსენ ვენგერს შორის შეხვედრაა დანიშნული. წინასწარ, ვენგერმა ბრძანა, რომ კაპიტანი პარასკევს კიოლნში ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად გუნდთან ერთად გაემგზავრება. ამ ნათქვამს „ბარსას“ პრეზიდენტ როსელზე წესით უნდა ემოქმედა.
ვენგერმა ბრძანა: „ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ არის სესკი, რამდენად შეუშალა ტრავმამ მას ხელი. თუ განსაკუთრებული არაფერი მოხდება, რასაკვირველია ის ჩვენთან ერთად კიოლნში წამოვა. აქამდე ფაბრეგასი სრულყოფილად არ ვარჯიშობდა, მხოლოდ დარბოდა. ახლა, წესით, გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშებზე უნდა გადავიდეს. მე სეზონისწინა წვრთნები ისე დავგეგმე, რომ ფაბრეგასი მათ შემადგენელ ნაწილად მყავს მოაზრებული.
სხვა საქმეა, რომ გაუთავებელი ჭორაობა თავგზას გვიბნევს და ხელს გვიშლის, თუმცა, ზოგადად, რასაც ადრე ვამბობდი ახლაც იმას გავიმეორებ: „არსენალი“ ყველა ღონეს იხმარს, რათა საუკეთესო ფეხბურთელები შეინარჩუნოს“.
ინგლისური გაზეთები წერენ, რომ „ფაბრეგასის“ თემის დაუსრულებელმა ტრიალმა ჩრდილოლონდონელები გვარიანად გააღიზიანა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ „ბარსელონას“ ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ჩავიმ ინტერვიუში თქვა სესკი „არსენალში“ იტანჯებაო. არ არის გამორიცხული, რომ ვენგერის მოთმინების ფიალა სწორედ ამ გამონათქვამმა აავსო და ივლისის ბოლომდე ვადაც ამიტომ დაითქვა.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ „არსენალი“ ფაბრეგასს 45,6 მილიონ ევროდ აფასებს, „ბარსელონამ“ კი მას ჯერჯერობიღ მხოლოდ 31,6 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაც 36 მილიონი ევროს ტოლფასია. ტაბლოიდების ვარაუდით, საკმარისია, „მეთოფეებს“ ჭკუა გადაუტრიალდეთ და სესკი „აუქციონზე გაიტანონ“, რომ 50 მილიონ ფუნტს ანუ თითქმის 57 მილიონ ევროს ულაპარაკოდ გამოჰკრავენ ხელს. მყიდველები, რასაკვირველია, „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ იქნებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"