ამრიგად, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი ბოლოჯერ სწონის - სან პაულუს კლუბმა რამდენიმე დღის წინ მას, დაახლოებით, 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაც 45,6 მილიონი ევროს ტოლია. შეგახსენებთ, რომ ტევესი სწორედ ის ფეხბურთელია, რომლის აცილებული პენალტის გამო არგენტინის ნაკრებმა „კოპა ამერიკას“ მეოთხედფინალში ურუგვაისთან წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ისტლენდელთა თავკაცმა, იტალიელმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ ძალიან უნდა ფორვარდთან
„მე მას დავურეკავ, მაგრამ ჯერ არა, რადგენ ჯერჯერობით ის უგუნებოდ იქნება. ვწუხვარ კარლოსის ნაცვლად. ეს „კოპა ამერიკა“ არგენტინის ნაკრებისთვის ხომ მეტად მნიშვნელოვანი იყო“.
გაზეთები წერენ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები ამ ზაფხულის განმავლობაში იმდენად ტევესთან არ ლაპარაკობდნენ, რამდემადაც მის აგენტ კია ჯურაბჩიანთან. როგორც ჩანს, ახლა, საკუთრივ ფეხბურთელთან ამჯობინეს ძალის მოსინჯვა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ისტლენდელები თავდამსხმელს გზას დაულოცავენ, თავად კი მადრიდის „ატლეტიკოს“ მიადგებიან და სხვა არგენტინელის, სერხიო აგუეროს გადაბირებას შეეცდებიან.
საერთოდ, „სიტი“ ტევესის გაყიდვას 50 მილიონ ფუნტად აპირებდა. როგორც ჩანს, გაყიდვის შემთხვევაში მანჩესტერელებს ფასის დაკლება მოუწევთ, თუმცა, მანამდე შეეცდებიან არგენტინელს კიდევ უფრო დიდი ხელფასი და საგანგებო საყოფაცხოვრებო პირობები შესთავაზონ.
კლუბის ხელმძღვანელებისა და მწვრთნელისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს „სიტის“ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, 25 წლის მცველ-ნახევარმცველს, ბელგიელ ვენსან კომპანის. ის ამბობს, რომ ტევესი რომც წავიდეს, გუნდი მაინც გაძლიერდება. ფეხბურთელი, რომელიც კაპიტნის წასვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, სამკლავურს გადაიბარებს, დარწმუნებულია, რომ არგენტინელთან განშორება „მანჩესტერ სიტისთვის“ ტრაგედია არ იქნება:
„კარლოსი, რასაკვირველია, დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ფეხბურთში ასეა, მოთამაშეები მოდიან და მიდიან. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვინც გინდა წავიდეს, „მანჩესტერ სიტი“ პროგრესის გზას არ გადაუხვევს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ნებისმიერი შემადგენლობით შარშანდელზე უფრო ძლიერები ვიქნებით. ისტლენდიდან დიდებული ფეხბურთელები წასულან, მაგალითად, რობინიო. მათთან ერთად თამაში დიდებულია, მაგრამ როდესაც ისინი მიდიან, ჩვენ გამოსავლის ძებნას ვიწყებთ და ვპოულობთ კიდეც. გუნდი ცალკე აღებულ ფეხბურთელებზე დიდია. ამიტომაც, მე წავალ, კარლოსი თუ ნებისმიერი სხვა, „სიტი“ მაინც უკეთ და უკეთ ითამაშებს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"