ნემანია და მადა

AutoSharing Option
29 წლის სერბი მცველი, ნემანია ვიდიჩი ამბობს, რომ ამ ზაფხულს, ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებული „მანჩესტერ იუნაიტედი“ უწინდელზე უფრო მადიანად დაერევა ტიტულებს.

კაპიტანი მზად არის მტაცებელივით ეკვეთოს ახალ სეზონს, რათა „იუნაიტედს“ ინგლისის ჩემპიონის მე-20 ტიტული მოუტანოს და ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონაზე“ იძიოს შური.

ვიდიჩმა თქვა: „ახალი ენერგიის მისაღებად და მადის გასაღვივებლად ახალი ფეხბურთელების შეძენა აუცილებელი რამ არის. ახლა, გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, რაც ძალიან წაგვადგება“.

შეგახსენებთ, „იუნაიტედის“ ახალ ბიჭებს: მეკარე დავიდ დე ხეა, გარემარბი ეშლი იანგი და მცველი ფილ ჯონსი, რომელთაც მალე, „ინტერიდან“, ჰოლანდიელი
გამთამაშებელი, 27 წლის ვესლი სნეიდერი დაემატება. ვიდიჩი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ინარჩუნებს სერ ალექს ფერგიუსონი გუნდს უმაღლეს დონეზე.

„მანჩესტერში ჩამოსვლის პირველი დღიდან ვხედავ, რომ მწვრთნელი ყველა ღონეს ხმარობს, რათა გაიძულოს საუკეთესო ფორმაში იყო. აქაურ ხელმძღვანელებს მუდმივად რაღაც სიახლე აქვთ მზად. ხან ინფრასტრუქტურაში დაამატებენ რამეს, ხან წვრთნის მეთოდს შეცვლიან და გაახალისებენ... ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამახასიათებელი თვისებაა. წელიწადი ისე არ გავა, სიახლის მოწმენი რომ არ გავხდეთ. სწორედ ამიტომ გავხდით ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ ინგლისის ჩემპიონები. ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით“.

ვიდიჩს 28 მაისს, „უემბლიზე“, „ბარსელონასთან“ ულაპარაკო დამარცხება (3:1) გულში მწარედ აქვს ჩარჩენილი.

„ვეთანხმები ყველას, ვინ ამბობს, რომ „ბარსელონა“ დიდებულ ფეხბურთს თამაშობს. ეს გუნდი ორჯერ შეგვხვდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ დაგვამარცხა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მესამედაც გადავეყრებით და ამჯერად ჩვენ გავიმარჯვებთ“.

ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამერიკაშია, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. მანჩესტერელებმა ბოსტონში „ნიუ ინგლენდ რევოლუშენი“ დაამარცხეს 4:1 და ოთხშაბათს „სიეტლ საუნდერს“ ეთამაშებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული