"ჩელსის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაა!

AutoSharing Option
„ჩელსის“ ახალგაზრდა მწვრთნელმა, პორტუგალიელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ დასავლეთლონდონელთა გუნდს ჩემპიონთა ლიგისკენ წარუძღვება.

შეგახსენებთ, რომ მან „ლურჯები“ ივნისში ჩაიბარა. ამჟამად, 33 წლის სპეციალისტი და მისი გუნდი მალაიზიაში იმყოფებიან, სადაც „ბარკლაის აზიის თასი“ თამაშდება, თუმცა ვილაშ-ბოაში უკვე გაცილებით დიდი ჯილდოს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრობს.

ჩემპიონთა ლიგა ის შეჯიბრებაა, რომელიც მისმა წინამორბედმა, კარლო ანჩელოტიმ ვერ მოიგო და გუნდიდან გაათავისუფლეს. ეს გახლავთ მწვერვალი, რომლის დაპყრობაც კლუბის რუს მეპატრონე რომან აბრამოვიჩს ყველაზე მეტად უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. ინგლისური პრესა წერს, რომ ვილაშ-ბოაშისთვის ამოცანა ნათელია:
ჩემპიონთა ლიგა ან სამსახურის დატოვება!

პურტუგალიელმა, რომელსაც ბრიტანულ გაზეთებში აბრევიატურით AVB მოიხსენიებენ და „ლურჯებთან“ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თქვა:
„გარწმუნებთ, უახლოეს წლებში „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება. გადახედეთ ახლო წარსულს, „გუნდი“ ორჯერ ნახევარფინალში, ერთხელ კი ფინალში იყო. მაშ, რატომ არ შეიძლება ამჯერად რომ გაიმარჯვოს“?

ვილაშ-ბოაშმა „ჩელსის“ ფეხბურთელებს ამოცანა დაუსახა, ხელშეუხებელნი უნდა გახდეთო. დაგვეთანხმებით, ეს სიტყვა განმარტებას ითხოვს - როგორ შეიძლება გუნდი ხელშეუხებელი იყოს? AVB-მ უკან არ დაიხია:

„ხელშეუხებელი ნიშნავს ადამიანს, რომელიც საქმეს მუდმივად მაღალ დონეზე აკეთებს. თუ გადავხედავთ, რა ჯილდოები აქვთ ამ მოთამაშეებს მოგებული და როგორ გამოდიოდნენ ბოლო წლებში, ადვილად მივხვდებით, რომ საქმე სწორედ იმ შემადგენლობასთან გვაქვს, რომელსაც ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. თუკი ამ ხალხს ყოვედღიურ ვარჯიშებსა და ყოველი ტურის შეხვედრებში ძალიან მაღალი დონის პროფესიონალიზმისა და ოსტატობის გამომჟღავნება შეუძლია, რატომ ვერ უნდა მოიპოვონ უდიდესი ჯილდოები?

რაც შემეხება მე, გეტყვით, რომ ნებისმიერ ხელმძღვანელს უპირველეს ყოვლისა მკაფიო, ყველასთვის გასაგები გადაწყვეტილებების მიღება მოეთხოვება და ამ პრინციპს არ ვუღალატებ. გუნდს უმაღლეს ამოცანებს დავუსახავ. ნებისმიერი მწვრთნელისგან, რომელიც „ჩელსის“ თავკაცობას იკისრებს, წარმატებებს ელიან. მეც ამ ფაქტის წინაშე ვდგავარ. მას ვერსად გავექცევი.“

„ბარკლაის აზიის თასზე“ დასავლეთლონდონელები ჯერ მალაიზიის ვარსკვლავთა ნაკრებს შეხვდებიან, შემდეგ ტაილანდის ვარსკვლავთა ნაკრებს, ბოლოს კი ჰონკონგის ჩემპიონ „კიტჩეს“. თვის ბოლოს კი აზიაში მყოფი ლონდონელები მათსავით მოგზაურ თანამემამულეებს, „ასტონ ვილასა“ და „ბლექბერნს“ გადაეყრებიან.

გაზეთები წერენ, რომ ინგლისში დაბრუნებულ „ლურჯებს“ საკუთარმა დირექტორებმა შეიძლება რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაახვედრონ. ამჟამად, დასავლეთლონდონელები ყველაზე მეტად ლუკა მოდრიჩისა და რომელუ ლაკუკუს გადაბირებას ცდილობენ. ხორვატი მოდრიჩი, მოგეხსენებათ, „ტოტენჰემის“ 25 წლის გამთამაშებელია, ხოლო ბელგიელი ლაკუკუ, „ანდერლეხტის“ 18 წლის თავდამსხმელი.

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა თქვა:
„ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალ ფეხბურთელებში უზარმაზარი თანხები გადაიხადა, ჩვენ კი ვიცით, რომ ისედაც კარგი გუნდი გვყავს.

ახალ მწვრთნელზე იმის თქმა შემიძლია, რომ რაც შვებულებიდან დავბრუნდით, ყველაფერი ცოტა სახეშეცვლილი დაგვხვდა. ასე მაგალითად, ვარჯიშები გაცილებით სწრაფია და ინტენსიური. ამოსუნთქვის საშუალება ნაკლებად გვაქვს. ანდრე ახალგაზრდა კაცია. მას დიდი ენერგია და წვრთნის განსხვავებული მეთოდები აქვს.“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული