პარკერის იმედი

AutoSharing Option
30 წლის სკოტ პარკერი იმედოვნებს, რომ „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდება, ოღონდ დასავლეთ ლონდონში იჯარის წესით გადასვლა არ უნდა. ჩემპიონშიპში გავარდნილი „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი 7,5 მილიონი ფუნტი ღირს, თუმცა „ლურჯების“ თავკაც ანდრე ვილაშ-ბოაშს ჯერ არ გადაუწყვეტია გაიმეტოს ეს თანხა თუ არა.

ადრე მოგახსენეთ, რომ პარკერის ყიდვით დაინტერესებული იყო „ასტონ ვილაც“, მაგრამ ბირმინგემელებმა „ჩაქუჩებს“ მხოლოდ 7 მილიონი ფუნტი შესთავაზეს და უარი მიიღეს. ერთი ხნის წინ ნახევარმცველის ფასი იკითხა „ტოტენჰემ ჰოთსპურმაც“, მაგრამ რომ რომ აწონ-დაწონა, „ხელფასიან-ყველაფრიანად“ ძვირი უჯდებოდა და უკან დაიხია.

სკოტ პარკერს „ჩელსიში“
2004-05 წლებში აქვს ნათამაშები. მაშინ, დასავლეთლონდონელებმა მასში „ჩარლტონ ატლეტიკს“ 10 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. ახლა, „ლურჯებმა“ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს მის მიმართ ინტერესი, თუმცა ლაპარაკი ფეხბურთელის ყიდვაზე კი არა, ქირაობაზე იყო. ასეთი რამ „ვესტ ჰემს“, რასაკვირველია, ხელს აძლევს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ „აპტონ პარკზე“ დაბრუნების პერსპექტივა ფეხბურთელს არ ხიბლავს. მას „მუდმივმოქმედი“ კონტრაქტის გაფორმება ურჩევნია.

ამასთან, პარკერი ვაჟკაცურად იქცევა - წამსვლელია, მაგრამ „ვესტ ჰემს“ არ გაურბის და „ბიშოპს სტორტფორდთან“ ამხანაგურ შეხვედრაში 45 წუთი ითამაშა.

„ჩელსიმ“ კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა: ბელგიური „გენკისგან“ 7,8 მილიონ ფუნტად (8,9 მილიონი ევრო) 19 წლის მეკარე ტიბო კურტუა იყიდა და... პირდაპირ მადრიდის „ატლეტიკოში“ გააქირავა. კურტუა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაყიდული დავიდ დე ხეას ადგილს დაიკავებს. 198 სანტიმეტრი სიმაღლის გოლკიპერმა თქვა:

„არ არის გამორიცხული, „ჩელსიში“ თამაშამდე კიდევ ერთი ან ორი სეზონის სხვა გუნდში გამატარებინონ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული