უფრო სწორად ეს იყო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დროსაც ტელეკომპანია Chanel 4-ის რეპორტიორებმა მას თავი მავანი ჩინელი და მავანი ინდოელი ბიზნესმენების წარმომადგენლებად გააცნეს და ინგლისური კლუბის ყიდვაში დახმარება სთხოვეს. კერძოდ რა მოხდა, ქვემოთ მოგახსენებთ, აქ კი გეტყვით, რომ როგორც კი ჩანაწერები ეთერში გადასცეს, მაშინვე გააქტიურდნენ „იუნაიტედის“ მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის ადვოკატები და
დღეს რობსონი „იუნაიტედთან“ ერთად ამერიკაშია. რაც შეეხება ჩანაწერს, ის, როგორც მოგახსენეთ, ტელეკომპანია Chanel 4-ის პროგრამა Dispatches-ის ნახელავია. ჩანაწერიდან ჩანს, რომ რობსონი ფიფას მიერ დაწესებულ ერთ-ერთ კანონს არღვევდა. კერძოდ, ის მზად იყო პირთათვის, რომლეიბც ერთ კლუბს უკვე ფლობდნენ (სავარაუდოდ, ჩინეთსა თუ ინდოეთში), მეორეც მიეყდა.
ისე, მაყურებელზე ყველაზე მეტად „ჯადოსნური კაპიტნის“ ერთმა გამონათქვამმა იმოქმედა. ადამიანი, რომელსაც ათეულობით ათასი გულშემატკივარი კერპად ისახავდა, ჩანაწერში ასეთ რამეს ამბობს:
„არ ვეთანხმები ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთი სპორტია. ფეხბურთმა სპორტული სული მაშინ დაკარგა, როდესაც დიდმა ფულმა დაიწყო ტრიალი. „ტელეკომპანია სკაისა“ და ამ ყველაფერს ვგულისხმობ. ფეხბურთი აშკარად ბიზნესია“.
ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდა რობსონის ჩანაწერის ეკრანზე გაშვების შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე. „ტვიტერი“ განრისხებულ ქომაგთა წერილებმა უბრალოდ წალეკა. ხალხი 54 წლის ვეტერანის „იუნაიტედის ელჩობიდან“ გათავისუფლებას ითხოვს.
ჩანაწერი, რომლის შესახებაც მოგახსენებთ, მარტში, ბანგკოკის ერთ-ერთ ბარშია გაკეთებული. ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივართა ბარი გახლდათ. მაშინ რობსონი ტაილანდის ნაკრებს ედგა სათავეში. დღეს ის ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრეს-სამსახურმა განაცხადა: „ჩვენ ამერიკულ ტურნეზე ვიმყოფებით და ამიტომ გადაცემის ნახვის შესაძლებლობა არ გვქონია“.
აღსანიშნავია, რომ ბრაიან რობსონი London Nominees Football Fund-ის მრჩეველიც გახლდათ. ეს არის ბიზნეს ჯგუფი, რომელიც ფულს ფეხბურთის კლუბებში, მოთამაშეებში, პრივილეგიების განსაზღვრაში, სპონსორობასა და ინდუსტრიის სხვა სეგმენტებში დებს. ამ ორგანიზაციის საქმიანობაზე უფრო ვრცლად აღარ ვილაპარაკებთ, უბრალოდ დავძენთ, რომ „ჯადოსნური კაპიტანი“ სულ ფულთან ტრიალებს.
რობსონი, რომელმაც 1980-91 წლებში ინგლისის ნაკრების მაისურით 90 შეხვედრა ჩაატარა, შენიღბულ რეპორტიორთა ჯგუფს ჯო სიმთან ერთად გაეცნო. ეს ჯო სიმი თავადაც London Nominees-ის წევრი და ტაილანდის ფეხბურთის ასოციაციის მრჩეველი გახლავთ. ჩანაწერში სიმი ტრაბახობს, რომ ალექს ფერგიუსონის მეგობარია და იქადნება, რომ როდესაც ჯგუფი კიდევ ერთ ფეხბურთის კლუბს იყიდის, ფერგი იქიდან ფეხბურთელებს იჯარის წესით წაიყვანს.
ჩანაწერში სიმი იმასაც კი ამბობს, რომ ფერგიუსონი სამ წელიწადში მწვრთნელობისთვის თავის დანებებას აპირებს და მასთან ითანამშრომლებს:
„ის მეუბნება ხოლმე, რომელ გუნდზე დავდო ფული. ყოველთვის ვერ იცნობს, მაგრამ ხანდახან ზუსტად ამბობს. „მანჩესტერ იუნაიტედზე“, რასაკვირველია, სიტყვასაც არ ძრავს. ჩვენ ამით უბრალოდ ვერთობით“.
ფერგიუსონის ერთ-ერთმა ვექილმა ჯო სიმის ნალაპარაკებს ასეთი კომენტარი გაუკეთა: „სერ ალექსს მიაჩნია, რომ მას და მისტერ სიმს შორის ასეთი ახლო ურთიერთობა სულაც არ არის. შესაძლოა მას ჩვეულებრივ ლაპარაკში რაიმე პროგნოზი გამოუთქვამს და ის გამართლებულა, მაგრამ ამას საქმიანი ურთიერთობის ფორმა არ ჰქონია. გარდა ამისა, მას არასდროს შეუთავაზებია ამ ბატონისთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელების მიქირავება ან „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ფეხბურთელების ქირაობა“.
თუმცა, Chanel 4-ის გადაცემამ ყველაზე მეტი ჩირქი მაინც რობსონს მოსცხო. ყოფილი ნახევარმცველი, რომელმაც „იუნაიტედის“ შემადგენლობაში ორჯერ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიგო, სამჯერ კი ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი გახდა, „ბიზნესმენებს“ „შეფილდ უენსდეის“ 300 მილიონად ყიდვას სთავაზობდა და არწმუნებდა, რომ თუ ისინი შეფილდელთა პრემიერლიგაში გადაყვანას შეძლებენ, დიდ ფულს იშოვნიან.
განიხილებოდა „შეფილდ იუნაიტედის“, „ლიდსის“, „ლესტერის“, „კარდიფ სიტის“, „ოქსფორდის“, „დერბი ქაუნთის“ „კრისტალ პალასისა“ და „ბირმინგემის“ ვარიანტებიც. ამასთან, რობსონი ამბობდა, რომ მას შეუძლია თავის ყოფილ თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს დაუკავშირდეს და ტრანსფერების საქმეში დახმარება სთხოვოს. როდესაც რობსონს ჰკითხეს, კერძოდ ვისი დახმარების იმედი ჰქონდა, მან ჰარი რედნაპი, სტივ ბრუსი და კენი დალგლიში დაასახელა, სიმმა კი როი კინი და მარკ ჰიუზიც დაასახელა.
როგორც გითხარით, რობსონმა ერთი ხნის შემდეგ ტაილანდი დასტოვა - ყელში სიმსივნური წარმონაქმნი გაუხდა მოსაშორებელი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ელჩობას დაუბრუნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"