რიომ ფარდა გადასწია

AutoSharing Option
32 წლის რიო ფერდინანდმა ფარდა გადასწია და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ცხოვრების რამდენიმე თავისებურება დაგვანახა.

ეს ამბავი ამერიკაში მოხდა, სადაც „იუნაიტედი“ სეზონისწინა შეკრებას გადის. ფერდინანდმა ინტერნეტში „ჩეთი“ მოაწყო, სადაც გულშემატკივარს ნაირნაირ კითხვაზე გასცა პასუხი. რა არ ჰკითხეს მცველს ფანებმა - საუბარი ყველაფერს შეეხო, ახალი ტრანსფერებით დაწყებული, გასახდელში დამკვიდრებული ურთიერთობებით და ქცევის ნორმებით დამთავრებული.

აი, მაგალითად, ერთი უცნაური კითხვა: ცხრა წელიწადია, რაც „იუნაიტედში“ ვარჯიშობთ და ამ ხნის განმავლობაში უამრავჯერ გითამაშიათ თანაგუნდელებთან ხუთი-ხუთზე. რომელ ხუთეულში გრძნობთ თავს ყველაზე კარგად?

ფერდინანდის რჩეული ხუთკაციანი გუნდი ასეთი
ტოფილა: პოლ სქოულზი, კრიშტიანო რონალდო, უეინ რუნი, როი კინი და თავად ფერდინანდი.

„ეს დაუმარცხებელი გუნდია. არც მეკარე დაგვჭირდებოდა და ბურთიც სულ ჩვენ გვექნებოდა. თუმცა... როი კინის ნაცვლად შეიძლება გიგზი ავიყვანო. გიგზის გარეშე როგორ შეიძლება თამაში“ - დასძინა ფერდინანდმა.

„ჩეთის“ დროს რიომ პოლ სქოულზი და ძველი გვარდია ძალიან აქო, თუმცა ახალი ბიჭებიც საგანგებოდ მოიხსენია. განსაკუთრებით მექსიკელ ჩიჩარიტოზე იმავე ხავიერ ერნანდესზე თქვა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში 20 გოლი გაიტანა. კითხვაზე, ვარჯიშების დროს ვინ არის ყველაზე გამორჩეული, ფერდინანდმა უპასუხა:

„გამორჩეული სქოულზი იყო, დღეს კი, ალბათ, ჩიჩარიტოა. ვარჯიშებზე მასთან გამკლავება ძალიან ძნელია. ის საუცხოოდ გადაადგილდება, მაგრამ მე მას გადაადგილებაზე უფრო იმიტომ ვასახელებ, რომ სულ თითის წვერებზე ჰყავხარ. მის წინააღმდეგ რომ თამაშობ სულ იმის გამოცნობას ცდილობ, რას გააკეთებს წამის შემდეგ. მოკლედ, ჩიჩარიტოსთან ვარჯიშებზე თავს ისე გრძნობ, თითქოს ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობდე“.

ფერდინანდმა ახალგაზრდა მცველებზე, კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსზეც ილაპარაკა. პირველი 21 წლის არის, მეორე კი ცხრამეტის. ის „იუნაიტედმა“ ამ ზაფხულს იყიდა, 16,5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ეს წყვილი, სავარაუდოდ, მისი და ნემანია ვიდიჩის შემცვლელად მოიაზრება.

„არც ჯონი ევანსის ჩამოწერა შეიძლება - თქვა ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა - არ არის სწორი, როდესაც ხალხი დაბეჯითებით ამბობს, რომ მომავალსი „იუნაიტედის“ დაცვის ცენტრს აუცილებლად კრისი და ფილი ჩაიბარებენ. მე თუ მკითხავთ, ჯონი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ცენტრალური მცველია“.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც რიო ფერდინანდის ყურადღებას იპყრობს ანდერსონია, 23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი. ოღონდ, რითი იპყრობს ეს კაცი ვეტერანის ყურადღებას არ გაინტერესებთ?

„ანდერსონი ყველაზე ცუდ ფეხსაცმელებს იცვამს. ყოფილა დღეები, ვარჯიშზე ჩუსტებით რომ მოსულა. ისეთ ჭრელ ფეხსაცმელებში ნახავთ, სახტად დარჩებით. „იუნაიტედის“ დანარჩენი ფეხბურთელები ისეთს ახლოსაც არ გაიკარებდნენ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული