შეგახსენებთ, რომ მოდრიჩმა „დეზების“ თავმჯდომარე დენიელ ლივის კაბინეტში განცხადება შეუტანა განთავისუფლების თაობაზე. მას „ჩელსი“ ეპატიჟება და კვირაში 150 ათას ფუნტს ჰპირდება, რაც ხორვატის ამჟამინდელ გასამრჯელოზე ოთხჯერ მეტია.
„ტოტენჰემ ჰოთსპური“, მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკაშია, სეზონისწინა შეკრებას იქ გადის და ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. რედნაპმაც ჟურნალისტებთან სწორედ იქ, დედამიწის მეორე ბოლოში ილაპარაკა:
სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ჯერ ძალიან ადრეა. რაც შეეხება ამბიციებს, ჩვენს თავმჯდომარე დენიელ ლივიზე ამბიციური არავინ მეგულება. ლუკას უნდა იცოდეს, რომ მომავალ სეზონში დიდი ჯილდოსთვის იბრძოლებს და ჩვენც ვცდილობთ ერთი-ორი ისეთი ფეხბურთელი დავიმატოთ, რომ მან „სფურზის“ დიდი მიზნებისა ირწმუნოს. იმედი მაქვს, გაძლიერებულ შემადგენლობას რომ დაინახავს, მოდრიჩი ჩვენთან დარჩება. ჩვენ ლუკასადმი უდიდესი სიმპატიით ვართ განწყობილი. ის ძალიან კარგი ადამიანია. ერთადერთი, მინდა მოთმინება ვთხოვო“.
„ტოტენჰემის“ სამიზნეზე არიან „მანჩესტერ სიტის“ ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი და „ვილეარეალის“ ბომბარდირი ჯუზეპე როსი. 27 წლის ადებაიორთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულია და საქმე იჯარას ეხება, 24 წლის, ამერიკაში დაბადებული როსის ამბავი კი ჯერ გასარკვევია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"