მანჩინი დირექტორებს გაუბრაზდა

AutoSharing Option
რობერტო მანჩინიმ „მანჩესტერ სიტის“ დირექტორატს შეახსენა, რომ დროა გუნდი ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდეს. ისტლენდელებს ყველა ფულის ტომრებს ეძახის, არადა, ფაქტია: ამ ზაფხულს კლუბს მნიშვნელოვანი შენაძენი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, შეიძლება იყოს დანაკარგი: 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, კარლოს ტევესი ყველა ღონეს ხმარობს გუნდიდან რომ გაიქცეს.

მანჩინიმ თქვა: „ჯერ ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ და მერე განვსაზღვროთ, რისი პრეტენზია უნდა გვქონდეს. გასულ სეზონში „ჩელსიმ“ და ჩვენ ქულათა თანაბარი რაოდენობა დავაგროვეთ და, შესაბამისად, ლონდონელებთან ერთად მეორე ადგილზე გავედით, მაგრამ, ახლა გაძლიერებაა საჭირო. „სიტი“ პირველად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაში,
რაც განსაკუთრებულ მონდომებას საჭიროებს. გუნდის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად კი დროა საჭირო და ამიტომ, იმედი მაქვს, რომ „ქომუნითი შილდისთვის“ უკვე გვეყოლება ახალი მოთამაშეები. ერთი კვირა, მაქსიმუმ 10 დღე შეგვიძლია დავიცადოთ. ორი-სამი კაცი გვყავს შეგულებული და ვნახოთ ამ საქმიდან რა გამოვა“.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ ძალიან უნდოდა 22 წლის ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის ყიდვა, მაგრამ ის დაახლოებით 26 მილიონ ევროდ „უდინეზესგან“ „ბარსელონამ“ შეიძინა. „სიტის“ სახელს აკავშირებდნენ „არსენალის“ 24 წლის ფრანგ ნახევარმცველ სამირ ნასრისთან. ბოლო დროს დაბეჯითებით ამბობენ, რომ ისტლენდელებმა „ატლეტიკოსთან“ გამონახეს საერთო ენა და მადრიდიდან 23 წლის არგენტინელი, სერხიო აგუერო გადაჰყავთ.

ამდენი ხმაურიანი სატრანსფერო ამბის მიუხედავად, ამ ზაფხულს „სიტიმ“ მხოლოდ ორი მოთამაშე დაიმატა: 25 წლის ფრანგი მცველი გაელ კლიში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში „არსენალში“ გამოდიოდა და 20 წლის სტეფან სავიჩი, ბელგრადის „პარტიზანიდან“.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ნახსენებ ტევესს ბრაზილიურ „კორინთიანსში“ უნდოდა გადასვლა, მაგრამ გარიგება, რომლის საფასურიც 40 მილიონი ფუნტი ანუ 45,5 მილიონ ევრო უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა. მანჩინი ამბობს, რომ თუ ტევესის სურვილიც იქნება, ის მზად არის ფეხბურთელი დაიტოვოს. ცნობისათვის: ამ დღეებში პაპარაცებმა ტევესი სარდინიაზე გადაიღეს. აქ, მას ნომერი იმავე სასტუმროში აქვს აღებული, რომელშიც „ინტერის“ ტექნიკური დირექტორი მარკო ბრანკა დაბინავდა. ტევესი და ბრანკა ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ, როგორც ფეხბურთელის ნაცნობები ამბობენ, თითო სიტყვა გაცვალეს და სულ ეს იყო. თუმცა, არიან სხვებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მართალია, შეხვედრა შემთხვევითი იყო, ფეხბურთელს და დირექტორს შორის საფუძვლიანი მოლაპარაკება გაიმართა. მანჩინიმ თქვა:

„კარლოსთან არ მილაპარაკია, ტელეფონი გამორთული აქვს. მეორე მხრივ, ისევე, როგორც სამი დღის წინ, ის დღესაც „სიტის“ ფეხბურთელია, არსად გადასულა. მისი ამბავი მომავალში გაირკვევა. ზოგადად ასეა: ტევესს „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლა უნდა, რადგან არგენტინაში, თავის ოჯახთან ერთად სურს ცხოვრება. კლუბი ფეხბურთელის მდგომარეობაში შედის და მხოლოდ ამიტომ ყიდის მას“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული