ახლა ინგლისელს გადაუწყვეტია ისე ითამაშოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ისიც დაასახელონ, ხოლო „იუნაიტედმა“ კვლავ მოიპოვოს ევროპის უდიდესი საკლუბო ჯილდო.
რუნიმ თქვა: „მესი დიდი ფეხბურთელია, მან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტული სამართლიანად მიიღო. ეს ის ტიტულია, რომლის მოპოვებაც განა მარტო ჩემი, ნებისმიერი ფეხბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. იმედი მაქვს, რომ ამას
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბარსელონას“ ფინალი რუნისთვის რთული სეზონის ბოლო წერტილი გახლდათ. ამ შეხვედრას ცუდი სტარტის შემდეგ ევროპულ ფეხბურთში „იუნაიტედის“ ადგილი უნდა განესაზღვრა. პირადად რუნისაც დიდი ამბები გადახდა თავს. ჯერ იყო და „ოლდ ტრეფორდიდან“ გაქცევას ლამობდა. იმავდროულად ჰქონდა ოჯახური პრობლემებიც. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ახალი ხელშეკრულება გააფორმა, დამშვიდდა და სეზონის მეორე ნახევარში უკეთ ათამაშდა. საბოლოოდ, რუნიმ სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ დასასვენებლად მაინც უკმაყოფილო წავიდა - „იუნაიტედმა“ „ბარსელონასთან“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამ წელიწადში მეორედ წააგო და ამ მარცხმა პირში მწარე გემო დაუტოვა. რუნი ამბობს:
„მათ თავისებური სტილი აქვთ. ჩვენ სხვანაირები ვართ. „ბარსელონას“ ყაიდაზე თამაში ყველას კი არ შეუძლია. მათ ჩვენ აშკარად გვაჯობეს და დამსახურებულად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, თუმცა, ეს უკვე წარსულია და, ახლა, უკვე მომავალ სეზონზე ვფიქრობთ. რასაკვირველია, ფინალში გასვლაც, თავისთავად, დიდი მიღწევა იყო, მაგრამ დამარცხება, მაინც, ყოველთვის გულს გწყვეტს“.
„იუნაიტედს“ გასულ სეზონში, პრემიერლიგაში ჰქონდა დიდი წარმატება - მეცხრამეტედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ბევრჯერ დაგვიწერია, რომ ეს იყო რეკორდი - მანამდე, ინგლისში, ყველაზე ტიტულიანი გუნდი „ლივერპული“ გახლდათ. დიდ წარმატებაში ლომის წვლილი სწორედ რუნიმ და 23 წლის მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა შეიტანეს.
წარმოშობით ლივერპულელი რუნი ამბობს:
„ხავიერმა დიდებულად ითამაშა. დიდი იმედი მაქვს, რომ მე და მას მომავალში ყველაფერი კიდევ უკეთ გამოგვივა. ახლა მას დასვენება სჭირდება, რადგან მთელი ზაფხული შეჯიბრებებში გაატარა. ამის გამო ის შედარებით მოგვიანებით ჩაერთვება საქმეში, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს - აქ, თავდასხმაში, ორი, ხანდახან კი ერთი ადგილისთვის ჯანსაღი კონკურენციაა. თითოეულ ჩვენგანს უამრავი მუშაობა და კარგ ფორმაში ყოფნა სჭირდება. კონკურენცია იმდენად დიდია, რომ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს სათადარიგოთა სკამზე დაგტოვონ. წამითაც არავის შეეცოდები. ეს დიმიტარ ბერბატოვმა საკუთარ თავზე გამოსცადა“.
ბერბატოვის ხსენებაზე რუნის ჰკითხეს, დაწყდა თუ არა გული ბულგარელის გამო. 30 წლის ბერბატოვი, ხომ დიდებულად თამაშობდა, მაგრამ მაინც სათადარიგოთა სკამზე დასვეს - ერნანდესი უფრო ძლიერიაო. რუნიმ უპასუხა:
„პირადად მე მოედანზე ყოფნა მინდა და ამისათვის თავს არ დავზოგავ. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ბერბა, რასაკვირველია, ძლიერი ფორვარდია და ჩვენთვის დიდი საქმის გაკეთება შეუძლია. ფაქტია: გასულ სეზონში ის ჩვენი საუკეთესო ბომბარდირი იყო, 22 გოლი შეაგდო და ამ გოლებიდან, რამდენიმე გადამწყვეტი გახლდათ“.
ერნანდესის, იმავე ჩიჩარიტოს გამოჩენამ რუნიზეც იმოქმედა - მას მოედნის სიღრმისკენ მოუხდა გადანაცვლება და ბურთთან უფრო ხშირი ურთიერთობა დასჭირდა. სწორედ ასე ათამაშა ის ალექს ფერგიუსონმა ამერიკულ ტურნეზე, „სიეტლ საუნდერსთან“ 7:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაშიც. სხვათა შორის, რუნიმ მხოლოდ მეორე ტაიმი დაჰყო მოედანზე, მაგრამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა სიეტლელთა თავკაც სიგი შმიდს ეთქვა, რაც მწვრთნელად ვმუშაობ, ასეთი კოშმარული დღე არ მქონიაო.
„მანჩესტერელებმა დიდებული გოლები გაგვიტანეს, მაგრამ მე ჩვენსას ვდარდობ. მინდა ფანებს ბოდიში მოვუხადო“ - თქვა შმიდმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"