შევეცდებით ის ეპიზოდი აღვწეროთ: მანჩესტერელებმა „გელექსის“ კარს მოედნის სიღრმიდან შესანიშნავი, სწრაფი კომბინაციით შეუტიეს, რომლის ბოლოსაც ბალოტელი ამერიკელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ... რატომღაც შემოტრიალება და ბურთის კარში ქუსლით შეგდება მოინდომა. უნდილად გაგორებული ბურთი მიზანს აცდა, ისტლენდელთა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ კი ვეღარ მოითმინა,
საინტერესო კადრია: ბალოტელი მოედნის კიდესთან თავის გასამართლებლად რაღაცას ამბობს, ამბობენ მწვრთნელს ეკითხება, რატომ მცვლი, რას მერჩიო, რითაც მანჩინი მთლად გამოჰყავს წყობიდან. ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამის გასწვრივ მიდის, მწვრთნელი კი რამდენიმე მეტრით უკან მოსდევს და რაღაცას უყვირის. ალბათ, იტალიურად...
თამაშის შემდეგ მანჩინიმ თქვა: „ჩვენ ვალდებულები ვართ ყოველთვის პროფესიონალები, სერიოზულები ვიყოთ. იმ ეპიზოდში მარიომ სწორედ ეს არ გააკეთა და მოედნიდან ამიტომაც გავიყვანე. მან ძალიან კარგად იცის, რომ შეცდა. ფეხბურთში სერიოზულობაა საჭირო. როდესაც გოლის გატანის შესაძლებლობა გეძლევა, ვალდებული ხარ გაიტანო. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ამბავი ბალოტელის გაკვეთილად გამოადგება. 30-ე წუთზე შეცვლა მისთვის, რასაკვირველია, სასჯელი იყო. თუმცა, რაც მოხდა, მოხდა. ჩემთვის ეს ისტორია დასრულებულია. მარიო ახალგაზრდა კაცია და ხანდახან ეშლება. ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო. თუ ის სერიოზულად განეწყობა და პროფესიულად მოიქცევა, მთელი 90 წუთის განმავლობაში შესანიშნავად შეძლებს თამაშს“.
„ლოს ანჯელეს გელექსის“ მწვრთნელი ბრუს არენა: „ნაღდი გოლი მეგონა. ვერ მივხვდი რა გააკეთა „სიტის“ ფეხბურთელმა, ალბათ თავი ოფსაიდში ეგონა და აღარ გაიტანა“.
საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდამდე 10 წუთით ადრე, „სიტი“ სწორედ მარიო ბალოტელიმ დააწინაურა. მან „გელექსის“ პენალტი გაუტანა. ანგარიში შორეული ლამაზი დარტყმით შეცვლაზე შესულმა მაიკ მაკგიმ გაათანაბრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"