ფაქტია: „ლურჯების“ ახალგაზრდა მწვრთნელმა პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი გუნდი ჩაიბარა. „ჩელსიში“ ცხრა ფეხბურთელი მისი ტოლია, 30 წელსაა გადაცილებული. ფერგიუსონმაც სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება. ვილაშ-ბოაში ახალგაზრდებს არ ყიდულობს, არადა, დასავლეთლონდონელებისთვის მოთამაშეების ასაკი შეიძლება დიდ პრობლემად იქცესო. პორტუგალიელ სპეციალისტს უფროსი კოლეგისთვის პასუხის გაცემის საშუალება ტაილანდის „ყველა ვარსკვლავის“ 4:0 დამარცხების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მიეცა.
„ამ ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ბევრის გაღება შეუძლიათ. მარტო იმ ჯილდოების
რასაკვირველია, ასაკს თავისი სპეციფიკაც ახლავს. „ჩელსი“ პრემიერლიგის მეორე თუ მესამე „უხუცესი“ გუნდია და მე, როგორც მწვრთნელს, სეზონის მსვლელობისას, ვეტერანების ძალთა აღდგენისთვის საჭირო დროის გამოყოფა და გათვალისწინება მომიწევს.
გამოცდილ მოთამაშეთა და ახალგაზრდების შერევა-დაბალანსება ჩემი საქმეა. სწორედ ასე განისაზღვრება ის ფეხბურთი, რომელსაც მომავალ სეზონში „ჩელსი“ ითამაშებს“.
აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედის“ თავკაცი „ჩელსის“ ფეხბურთელების ასაკზე პირველად არ ამახვილებს ყურადღებას. სამი წლის წინ, როდესაც „ლურჯებს“ სათავეში ლუიშ-ფელიპე სკოლარი ჩაუდგა, მან ზუსტად იგივე თქვა, თუმცა ვილაშ-ბოაში პროვოკაციას არ წამოეგო და გაღიზიანებული პასუხის ნაცვლად თავისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაიწყო ლაპარაკი.
AVB-მ შორეულ აღმოსავლეთში ოთხი ყმაწვილი წაიყვანა, რომელთაგან თავი ჯოშ მაკეჩრანმა გამოიჩინა. ბანგკოკში გამართულ შეხვედრაში მან ძველებსაც აჯობა და ახლებსაც. ჟურნალისტებმა მწვრთნელს ჰკითხეს, შეძლებს თუ არა მაკეჩრანი ისეთივე ეფექტის მოხდენას, გასულ სეზონში არსენალელმა ჯეკ უილშირმა რომ მოახდინაო. ვილაშ-ბოაშმა უპასუხა:
„ჯოში ნიჭიერი ბრიტანელი ახალგაზრდაა. მისი წყალობით „ჩელსი“ მომავალში უფრო მრავალმხრივი გუნდი გახდება. ასე მაგალითად, მალაიზიასთან შეხვედრაში ჩვენ თამაში მოედნის სიგანეზე გავშალეთ, დღეს კი, მაკეჩრანის მონაწილეობით, ერთმანეთს მეტოქის კარისკენ მიმართულ პასებს ვაწვდიდით და ამან მეტი საგოლე მომენტი მოგვიტანა. მოკლედ, რაც ვერ გავაკეთეთ წინა შეხვედრაში, დღეს შევძელით. ჯოშ მაკეჩრანი ჭკვიანი და მოწადინებული, სწორ გზაზე მდგომი ადამიანია“.
ტაილანდის „ყველა ვარსკვლავის“ კარში პირველი გოლი საჯარიმო მოედნის კიდიდან ფრენკ ლემპარდმა 38-ე წუთზე გაიტანა. დანარჩენი სამი გოლი „ლურჯებმა“ მეორე ტაიმში შეაგდეს. ეს შეძლეს ჟოზე ბოსინგვამ, ბრანისლავ ივანოვიჩმა და ფლორენ მალუდამ.
ბანგკოკის შემდეგ „ჩელსი“ ჰონკონგში გაფრინდა, სადაც აზიურ ტურნეს ინგლისურ გუნდებთან, „ასტონ ვილასა“ და „ბლექბერნთან“ შეხვედრებით დაასრულებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"