კრაუჩი ცხრიანში გაარტყეს

AutoSharing Option
„ტოტენჰემმა“ პიტერ კრაუჩი 9 მილიონი ფუნტი დააფასა. 30 წლის, 201 სანტიმეტრი სიმაღლის თავდამსხმელის ფასი „ნიუკასლ იუნაიტედს“ აინტერესებდა, მაგრამ „დეზების“ მწვრთნელისგან, ჰარი რედნაპისგან პასუხად მიიღო, რომ ჩრდილოლონდონელებს იმ თანხის ამოღება უნდათ, რომელიც კრაუჩის სანაცვლოდ ორი წლის „პორტსმუთს“ გადაუხადეს.

„კაჭკაჭებს“ ვეტერანში ასეთი თანხის გადახდა, სავარაუდოდ, არ მოუნდებათ. თან, კრაუჩი ოთხწლიან კონტრაქტს ითხოვს. ერთი სიტყვით, მწვრთნელ ალან პერდიუს კარგად მოუწევს დაფიქრება.

ფორვარდის შეძენა ძალიან უნდოდა „სანდერლენდსაც“ და ზაფხულის დასაწყისში კრაუჩის სანაცვლოდ ფულს პლუს ასამოა გიანს იძლეოდა, მაგრამ, შემდეგ სტივ ბრუსმა ვუნდერკინდად შერაცხული კონორ
უიკჰემი დაიმატა და „ტოტენჰემის“ ვეტერანზე ფიქრს თავი დაანება. კრაუჩი ძალიან მოუხდებოდა „სტოკის“ კბილებმოცვეთილ თავდასხმასაც - ფეხბურთელის ფასით ამ გუნდის მწვრთნელი ტონი პულისიც იყო დაინტერესებული. მეტიც, ერთიხანობა ამბობდნენ, რომ პიტერ კრაუჩი ჭაბუკობისდრონიდელ გუნდში, „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გადავიდოდა, თუმცა დასავლეთლონდონელების თავკაცმა, ნილ უორნოკმა განაცხადა, რომ „რეინჯერსი“ ამდენს ვერ გადაიხდის.

კრაუჩმა კარიერა „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ დაიწყო, თუმცა სიყმაწვილეში „უაით ჰართ ლეინზე“ ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. მას სხვადასხვა გუნდებში აქირავებდნენ. შემდეგ ის „ქუინზ პარკში“ გადავიდა, რასაც კიდევ ექვსი გუნდი, მათ შორის „ლივერპული“ მოჰყვა და ბოლოს ფორვარდი კვლავ „სფურზში“ დაბრუნდა. ახალდაბრუნებულმა კრაუჩმა „ტოტენჰემს“ დიდი საქმე გაუკეთა, სხვა წამყვან ფეხბურთელებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი მოაპოვებინა.
სწორედ მან გაიტანა „მანჩესტერ სიტის“ კარში ის გოლი, რომელმაც „დეზებს“ მეოთხე ადგილი მოუტანა.

შემდეგ, თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა თავი, მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, მაგრამ რამდენადაც კარგად თამაშობდა საერთაშორისო შეხვედრებში, იმდენად გაუფერულდა პრემიერლიგაში - გასულ სეზონში, ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. შესაბამისად „უაით ჰართ ლეინზე“ ეგრეთწოდებული „ბუუს“ დამძახებელი ბიჭების საკბილოდაც იქცა, ხოლო, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“, „რეალთან“ შეხვედრაში, ორი ფეთიანი უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო, „სფურზის“ ფანებმა ანტიგმირად გამოაცხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული