ხოსე ენრიკე ასი ათასით დააჯარიმეს

AutoSharing Option
„ნიუკასლ იუნაიტედმა“ თავისი 25 წლის ესპანელი მცველი ხოსე ენრიკე არც მეტი არც ნაკლები 100 ათასი ფუნტით დააჯარიმა. მიზეზი: ენრიკემ „კაჭკაჭების“ მეპატრონე მაიკ ეშლი „ტვიტერში“ გააკრიტიკა.

ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ფეხბურთელს „სენტ ჯეიმსი’ზ“ პარკიდან წასვლა უნდა და კონფლიქტიც ამან გამოიწვია. აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მწვრთნელი ალან პერდიუ მდგომარეობიდან იოლად გამოძვრომას აპირებდა და უნდოდა ესპანელის დატუქსვით დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ ეშლი ისე გაბრაზდა, რომ ფეხბურთელისთვის ორი კვირის ხელფასის
დაქვითვა ბრძანა.

„ხოსე არ იყო მართალი. „ტვიტერზე“ ის კომენტარები არ უნდა გამოექვეყნებინა და მე მას ამის შესახებ ვუთხარი. „ნიუკასლი“ მას ძალიან კარგ წინადადებას სთავაზობდა და ვინ იცის, მოვლენებისთვის მშვიდად რომ შეეხედა, მოგებულიც დარჩენილიყო. პირადად მე მინდა, რომ ენრიკე დარჩეს. ის კარგი ბიჭია, თუმცა „ტვიტერის“ ისტორია მის მომავალს, ალბათ, კვალს დააჩენს. დარწმუნებული ვარ თავადაც კარგად ხვდება, რომ შეცდა“.

როგორც მოგახსენეთ, ხოსე ენრიკეს „ნიუკასლის“ დატოვება უნდა. ის „სენტ ჯეიმსი’ზ“ პარკზე 2007 წელს „ვილიარეალიდან 6,3 მილიონ ფუნტად გადავიდა და კვირაში 50 ათას ფუნტს იღებდა. სეზონი, რომელიც ახლა დაიწყება, მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მისთვის ბოლო უნდა იყოს „ნიუკასლის“ შემადგენლობაში. ენრიკემ „კაჭკაჭებთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა, არადა, ისეთი მყიდველი, ნიუკასლელებს რომ დააკმაყოფილებდათ, არ ჩანს. ერთი ხანობა „ლივერპულმა“ გამოიჩინა ინტერესი, მაგრამ „ნიუკასლმა“ მერსისაიდელების პირობები დაიწუნა და სხვა ვარიანტებს ეძებს.

რაც შეეხება „ტვიტერსა“ და „ფეისბუქს“, ეს ორი სოციალური ქსელი პრემიერლიგის კლუბებისთვის თავსატეხად იქცა. გაზეთებისთვის ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი ინგლისური დივიზიონის ოცივე წარმომადგენელი შეხვედრას და ამ პრობლემაზე მსჯელობას აპირებს. სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით პერდიუს მოსაზრება ასეთია:

„ტვიტერი სახიფათოა. აქ, აღელვებულმა ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ დაწეროს, რასაც მერე ინანებს. მინდა სიფრთხილისკენ მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც თავისი გრძნობების გამოხატვას არ ერიდება“.

„ვულვერჰემპტონის“ თავკაცი მიკ მაკარტი კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ფეხბურთელებს „ტვიტერით“ სარგებლობა აუკრძალა. ის ხალხს ვერ აჯარიმებს, მაგრამ ყველას, ვისაც სოციალურ ქსელში წაასწრებს, აფრთხილებს, რომ ეს სახიფათოა. სწორედ „ტვიტერმა“ დააკარგინა მაკარტის გასულ სეზონში „ასტონ ვილას“ ნახევარმცველი სტივ სიდუელი.

„ვიღაც იდიოტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ სტივი ჩვენთან ერთად „ჩელსის“ თამაშზე იყო წამოსული. ეს ამბავი ყველამ გაიგო, რასაც ის მოჰყვა, რომ „ფულჰემის“ მაშინდელმა მწვრთნელმა, მარკ ჰიუზმა სასწრაფოდ დარაზმა თავისი კლუბის შეფები და კაცი, რომელსაც მეორე დღეს ჩვენთან სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, ლონდონის გუნდის ფეხბურთელი გახდა. ხშირად, ფეხბურთელები არასასურველ ინფორმაციას გასცემენ, მაგალითად, რა შემადგენლობით ითამაშებს გუნდი მეორე დღეს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული