სად არის სხვა ჟოზე?

AutoSharing Option
„ჩელსის“ მეკარე, 29 წლის პეტრ ჩეხი ამბობს, რომ კლუბის მეპატრონე, რომან აბრამოვიჩი მწვრთნელებს იმიტომ ცვლის, რომ ჟოზე მოურინიოს ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება.

მას მერე, რაც „ლურჯების“ სათავეში ანდრე ვილაშ-ბოაში მივიდა, ჩეხ გილკიპერს ასეთი სტატისტიკა დაუგროვდა: ოთხწელიწადზე ნაკლებში ის უკვე მეექვსე მწვრთნელს ეცნობა. ჩეხი იმედოვნებს, რომ ახალი თავკაცი მაინც აღმოჩნდება იმ დონის, რა დონისაც მოურინიო გახლდათ, რომელმაც დასავლეთლონდონელებს ზედიზედ ორჯერ ინგლისის ჩემპიონის ტიტული და ერთხელაც ფეხბურთის ასოციაციის თასი მოაპოვებინა.

მეკარემ თქვა: „ექვსი მწვრთნელი გამოვიცვალე და ერთადერთი ჟოზე იყო, სამწელიწადნახევარი რომ
იმუშავა. დანარჩენებს მალე ათავისუფლებდნენ. „ჩელსის“ დამოკიდებულება ასეთია: როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა ხედავს, რომ ამა თუ იმ მწვრთნელის ხელში პერსპექტივა აღარ არსებობს, მას ხსნის. რაც შეეხებოდათ თავად მწვრთნელებს, თითოეულს თავისი ფილოსოფია ჰქონდა. ზოგმა გაამართლა, ზოგმა ვერა, ჟოზემ კი თამასა იმ სიმაღლეზე დააყენა, რომ ყველა ამ სიმაღლეზე გადახტომას ცდილობს და ვერ ახერხებს.

ბევრ გუნდს აქვს უფლება სეზონი ტიტულის გარეშე დაამთავროს, მაგრამ თქვას, რომ კმაყოფილია. „ჩელსისი“ ასეთი რამ გამორიცხულია. გასულ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ, რამაც გული დაგვწყვიტა, მაგრამ ახალ სეზონშიც რომ მოგვეცაროს ხელი, ეს უკვე დიდი დარტყმა იქნება.

იმედი მაქვს ანდრე გუნდს მრავალი წლის განმავლობაში შემორჩება. მას აუცილებლად დაეხმარება ის, რომ ადრე, ჟოზესთან ერთად აქ მუშაობდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მას მერე „ჩელსისი“ ბევრი რამ შეიცვალა. ჯერჯერობით, ორიოდ კვირაა, რაც ის ჩვენთან მუშაობს და ყველაფერი კარგად მიდის. მას თავისი იდეები აქვს, თუმცა „ჩელსი“ ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი დაცვით, რომელზეც შემდეგ მთელი გუნდია აწყობილი. სეზონისწინა შეკრებაზე ოთხი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ და გოლი არ გაგვიშვია, რაც კარგის ნიშანია. გამოცდილება და მაღალი კლასიც ზურგს გვიმაგრებს, თუმცა არც ახალგაზრდები გვაკლია. ერთი სიტყვით, იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგებს მივაღწევთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული