ლუკასი მიდისო?

AutoSharing Option
24 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი ლუკასი შესაძლოა „ლივერპულიდან“ წავიდეს. ეს ამბავი ინგლისურმა ტაბლოიდებმა მერსისაიდული კლუბის მავანი თანამშრომლებისგან შეიტყვეს. არადა, საოცარია, ლუკასი ხომ გასულ სეზონში „წითლების“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით „ენფილდ როუდზე“ თავს შესანიშნავად უნდა გრძნობდეს.

დღეისათვის „ლივერპულის“ ნახევარდაცვაში დიდი ხალხმრავლობაა. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს კენი დალგლიშმა სწორედ მოედნის შუაში გამოსადეგი ფეხბურთელები იყიდა. სტიუარტ დაუნინგი „ასტონ ვილასგან“ შეიძინა, ჯორდან ჰენდერსონი „სანდერლენდისგან“, ხოლო ჩარლი ადამი „ბლექპულისგან“. ამ სამეულს „ენფილდზე“ დახვდებიან სტივენ ჯერარდი, ჯო კოული, რაულ მეირელეში, ალბერტო აკვილანი, კრისტიან პოულსენი,
მაქსი როდრიგესი, ჯონჯო შილვი, ჯეი სპირინგი და მილან იოვანოვიჩი. ასეთ ვითარებაში ლუკასმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის საშიშროება დაინახა და გაცლა ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ლუკასი „ლივერპულში“ 2007 წელს რაფა ბენიტესმა მიიყვანა.

მერსისაიდელთა მავანმა თანამშრომელმა გაზეთებს უთხრა: „ლუკასმა ხომ ახალ კონტრაქტს სულ ახლახან, მარტში მოაწერა ხელი და ფანებმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ხმამ, თითქოს ის გუნდიდან წასვლას აპირებს, შესაძლოა დიდი შოკი გამოიწვიოს, მითუფრო რომ ლაპარაკია კაცზე, რომელიც „ლივერპულის“ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული