მოსაწყენი ბერბატოვი

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელ თავდამსხმელს, 30 წლის დიმიტარ ბერბატოვს კრიტიკოსები ბრალად სდებენ, რომ მოსაწყენი სტილის ფეხბურთელია. ბერბატოვის პასუხი არ გაინტერესებთ? ჩემს მოსაწყენ სტილს თავს არასდროს დავანებებო.

ბულგარელის თამაშს ბევრმა გულშემატკივარმა კითხვის ნიშანი მას მერე დაუსვა, რაც უეინ რუნისა და ხავიერ ერნანდესის სანახაობრივმა ყაიდამ მოხიბლა. ბერბას „იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად მართლაც სერიოზული მუშაობა დასჭირდება, თუმცა ის იხტიბარს არ იტეხს:

„არ გეგონოთ, რომ ახალ სეზონში ძირითადად მოედნის გარშემო მოძუნძულეს მნახავთ. ჩვენთან, ბულგარეთში ამბობენ, რომ დიდ ნიჭს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. ეს ჩემი დევიზია
და ჩემი სტილიც ასეთია. „მანჩესტერ იუნაიტედში“ სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ მომახვედრა. გასული სეზონიც ნათელი დასტური იყო იმისა, რომ შესაძლოა კარიერაში ცუდი პერიოდი დაგიდგეს, მაგრამ თუ საკუთარი თავისა და სტილის გწამს, წარმატებას მაინც მიაღწევ“.

ბერბატოვი დარწმუნებულია, რომ „იუნაიტედის“ ფანების გასახარად ბევრი მშვენიერი რამ გაუკეთებია და მომავალშიც გააკეთებს. როგორ უნდა „ოლდ ტრეფორდზე“ რომ დაიმახსოვრონ?

„მინდა ფანების მეხსიერებას შემოვრჩე, როგორც კარგი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ბევრ საინტერესო რამეს აკეთებდა და ტრიბუნებს ახარებდა. მართალი გითხრათ, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ლამაზი გოლები გამქონდა. ვფიქრობ, თანაგუნდელებსაც ეფექტურად ვუქმნი ხელსაყრელ სიტუაციებს. ამას ნებისმიერი ფეხბურთელი დაგიდასტურებთ. მოკლედ, ერთხელ უკვე გითხარით, რომ მოედნის გარშემო მოძუნძულეს ვერასდროს მნახავთ“.

კიდევ ერთი თავისებურება: ბერბატოვს ემოციას ვერ შეატყობთ. გოლს გაიტანს? შეხედავთ და ვერც კი მიხვდებით, რომ კაცი, რომელმაც წამების წინ ბურთი მეტოქის კარში შეაგდო, ის იყო. აბა, რუნი... ინგლისელს ყველაფერი სახეზე ეტყობა. ხშირად ისეთი რამაც ეტყობა, რაც ჯობდა დამალული ყოფილიყო.

„საქმე ის არის, რომ ძალიან ამაყი ადამიანი ვარ, - განმარტავს ბერბატოვი. - ხალხს ჩემს სისუსტეს და ჩემს ემოციას არ ვაჩვენებ. ალბათ, მაყურებელი ამის გამო, ხანდახან, სწორედ ვერც აფასებს ჩემს საქციელს, მაგრამ არა უშავს. ეს ასეც უნდა იყოს“.

გულში კი, რასაკვირველია, ამ დროს დიდი ორომტრიალია. გასულ სეზონში ბულგარელს სწორედ მოზღვავებული ემოციის გაძლება მოუხდა. აბა, როგორია: მან „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ 20 გოლი გაიტანა, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა („სიტის“ კარლოს ტევესთან ერთად), მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ განაცხადშიც კი არ შეიყვანეს.

„ძველის გახსენება აღარ მინდა. რაღა აზრი აქვს ერთსა და იმავეზე ლაპარაკს? ახლა მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ. გასულ სეზონზე კი იმას გეტყვით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მე-19 ტიტული მოიგო, რაშიც მე 20 გოლით მივიღე მონაწილეობა და ეს ძალიან საამაყოა. მოკლედ, უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. პატარა ქვეყნის შვილი გახლავართ, რომელიც ყოველთვის დიდ წარმატებებზე ოცნებობდა და ბევრსაც მიღწია“.

ზემოთ „ბარსელონასთან“ თამაში ვახსენეთ. დიახ, ბერბატოვი ამ შეხვედრაში არ ათამაშეს, მაგრამ გაიხსენეთ, სეზონი როგორ იწყებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულს“ 3:2 მოუგო და სამივე გოლი ბერბატოვმა შეაგდო, აქედან მეორე ულამაზესი მაკრატელა დარტყმით. ამ დღემდე, მანჩესტერელ ფეხბურთელს მერსისაიდელთა კარში ჰეთ-თრიკი 64 წლის განმავლობაში არ ჰქონდა შესრულებული.

„ვერც კი წარმოიდგენთ, ჩემი სამი გოლი „ლივერპულის“ კარში რამდენს ნიშნავდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ჩემთვის ის შეხვედრა, მორიგი მატჩი იყო. 1:0 რომ დამთავრებულიყო და მარტო ერთი გოლი გამეტანა, ძალიან კმაყოფილი დავრჩებოდი, მაგრამ სამი გოლი, რომელთაგან ერთი ძალიან ლამაზი იყო, სამუდამოდ დამამახსოვრდება. იცით, ხალხი რომ მხვდება, დღემდე იმ გოლზე მეკითხება. ეს დიდებულია. იცით, რამდენი ადამიანი ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შვილიშვილებს მოუყვება, რომ ახალგაზრდობაში ფეხბურთს თამაშობდა და კარგი ფეხბურთელიც იყო. მეც მათ რიცხვში ვარ, თუმცა... „ლივერპულს“ კარში შემდეგი ჰათ-თრიკის შეგდებას კიდევ 64 წელიწადი ალბათ, აღარ დასჭირდება“.

იყო პერიოდი, როდესაც ბერბატოვმა 10 თამაშის განმავლობაში ვეღარ გაიტანა, მაგრამ აი, დადგა „ბლექბერნთან“ შეხვედრის დღე და... ერთბაშად ხუთი შეაგდო. „იუნაიტედმა“ 7:1 გაიმარჯვა. პრემიერლიგაში, მანამდე, ერთ შეხვედრაში ხუთი გოლი მხოლოდ ალან შირერს, ენდი კოულს და ჯერმაინ დეფოს ჰქონდათ გატანილი.

„იმ დღეს მეორე რომ გავიტანე, გავიფიქრე, საქმე ისე მიდის, შეიძლება კიდევ ერთი ჰეთ-თრიკი შევასრულო, მეთქი, მაგრამ ხუთი? მეხუთეზე, მეოთხეს შემდეგ დავიწყე ფიქრი. არადა, ხალხი იცით, რას მეკითხება? მეექვსე რატომ არ გაიტანე, ერთადერთი იქნებოდი ვინც პრემიერლიგაში ეს შეძლოო. რა გითხრათ. არც კი ვიცოდი... ასეთ რაღაცებს არასდროს ვკითხულობ“.

და ბოლოს, ბერბატოვის კონტრაქტის ამოწურვამდე ერთადერთი წელიწადია დარჩენილი. სად წავა ბულგარელი მერე?

„მე კარიერაში ყოველთვის წინ ვდგამდი ნაბიჯებს. ახლა მწვერვალზე ვარ. სად უნდა წავიდე ისეთ ადგილას „მანჩესტერ იუნაიტედზე“ მაღლა რომ იდგეს? „ბარსელონაში“? აქდან სადმე წასვლა უკვე უკუსვლაა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული