სამბას მოულოდნელი სამბა

AutoSharing Option
კრის სამბამ „ბლექბერნის“ უფროსობა გააოცა, „არსენალში“ გაშვება სთხოვა. „როვერსის“ 27 წლის კაპიტანმა თქვა: „მინდა ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშო. განა არის ამქვეყნად ფეხბურთელი, ამაზე რომ არ ოცნებობდეს“?

არადა, 193 სანტიმეტრი სიმაღლის ფრანგმა „ივუდ პარკზე“ ახალ ხუთწლიან კონტრაქტს სულ რამდენიმე თვის წინ მოაწერა ხელი.

„მოთამაშეს, რომელიც უმაღლეს დონეზე გამოსვლას არ ეშურება, პროფესიად ფეხბურთელობა არ უნდა აერჩია. ამბობენ, რომ „არსენალს“ პრობლემები აქვს. არ ვიცი რა ხდება ამ გუნდში, რადგან იქ არ ვთამაშობ და ჩრდილოლონდონელთა პრობლემებსაც არ ვიცნობ. ჯერჯერობით, „ბლექბერნის“ ფეხბურთელი ვარ, მაგრამ, რომ გითხრათ,
აქ დარჩენაზე ვოცნებობ და ჩემპიონთა ლიგაში თამაში არ მინდაო, მატყუარა ვიქნები.

ვერც იმას გეტყვით, რას გეგმავენ „ბლექბერნის“ მეპატრონეები და მწვრთნელები. არ ვიცი როგორ აპირებენ შემადგენლობის გაძლიერებას. ერთი სიტყვით, ამწუთას მოვლენათა განვითარებას ველოდები და ახალი სეზონისთვის ვემზადები“, - ამბობს მცველი.

ცნობილია, რომ „მეთოფეების“ თავკაცი, არსენ ვენგერი კრის სამბას ყიდვას ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილავდა, თუმცა ვერა და ვერ გადაეწყვიტა, შეეთავაზებინა თუ არა „ბლექბერნისთვის“ ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი. საბოლოოდ, ვენგერმა ნაბიჯი არ გადადგა და კლუბებს შორის არც ვაჭრობა გამართულა.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგის ჩემპიონატი 13 აგვისტოს იწყება, „არსენალს“ კი დაცვა აქვს გასაძლიერებელი. პრესა წერს, რომ „მეთოფეთა“ სამიზნეზე კიდევ ერთი მცველი, 28 წლის ევერტონელი ფილ ჯეგიელკაა, რომლის სანაცვლოდაც ვენგერს თავიდან 10 მილიონი ფუნტი ემეტებოდა, მაგრამ ინგლისის ნაკრების მოთამაშის ამ თანხად გაყიდვაზე ლივერპულის გუნდმა უარი თქვა. გამოდის, რომ საქმე ჩაიშალა? შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა იმასაც წერენ, რომ „მეთოფეთა“ თავკაცმა შესაძლოა „ევერტონს“ ახალი წინადადებით მიმართოს. ამბობენ, რომ ვენგერი პირველად შეთავაზებულ თანხას 5 მილიონ ფუნტს დაამატებს. თურმე, „მეთოფეთა“ ფრანგ მწვრთნელს მიაჩნია, რომ სამბასა და ჯეგიელკას წყვილი მისი გუნდის დაცვის ცენტრში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული