მაჩხუბარა ბარტონის ამბავი

AutoSharing Option
28 წლის ჯოი ბარტონი "ნიუკასლ იუნაიტემა" გააგდო. ამ ამბავმა ძალიან გაახარა, უპირველეს ყოვლისა "ტოტენჰემ ჰოთსპური", ხოლო მის გარდა "ასტონ ვილა" "ბლექბერნი", "ფულჰემი" და "სტოკ სიტი".

განსაკუთრებით "სფურზმა" გაიხარაო იმიტომ ვთქვით, რომ ჩრდილოლონდონელთა მწვრთნელ ჰარი რედნაპს ნახევარმცველი სჭირდებოდა, "ვესტ ჰემისგან" სკოტ პარკერის ყიდვას აპირებდა, მაგრამ გეგმა ჩაეშალა და "ნიუკასლმა" სულზე მიუსწრო.

რატომ გააგდეს ბარტონი? იმიტომ, რომ ის "ტვიტერში" ლანძღავდა "ნიუკასლს", კერძოდ კი მის მეპატრონე მაიკ ეშლისა და მაწვრთნელ ალან პერდიუს. ერთი სიტყვით, ბუნებით კონფლიქტურმა ბარტონმა "კაჭკაჭების" ბანაკში უფროსობას აწყენინა. ინგლისური პრესა
ხუმრობს, რომ ეს ფეხბურთის ისტორიაში პირველი ვირტუალური გაგდება იყო -დაწერა თუ არა ნიუკასლელებზე ძვირი, მეორე დღესვე გამოვიდნენ პერდიუ და დირექტორი დერეკ ლემბიასი და გამოაცხადეს, რომ კლუბი ფეხბურთელთან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც მას ერთი წელიწადი ჰქონდა დარჩენილი, აუქმებს.

ბარტონმა ჯერ კიდევ კვირას დაწერა, რომ "ნიუკასლში" რაღაც არეულობაა. ამას წინ უძღოდა ამხანაგური მატჩი "ჩემპიონბშიპის" მე-7 გუნდ "ლიდსთან", რომელიც "კაჭკაჭებმა" 3:2 წააგეს. შემდეგ ნახევარმცველმა დრო დათქვა, ამა და ამ საათზე შესაძლოა მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთოო -ალბათ კარის გაჯახუნებას აპირებდა -მაგრამ ვინ აცადა: "ნიუკასლ იუნაიტედმა" მის მიერ გამოცხადებულ "დედლაინამდე" 23 წუთით ადრე ორაბზაციანი განცხადება გააკეთა, სადაც ეწერა, რომ ბარტონი გასაყიდთა სიაშია და შეუძლია სადაც უნდა იქ წავიდეს. მოკლედ, ოღონდ ეს კაცი თავი მოგვშორდეს და კაპიკი არ გვინდაო.

ამის შემდეგ ჯოი ბარტონის 140 ათას ტვიტერ-მეგობარს დაახლოებით ერთსაათიანი ცდა დასჭირდა, რასაც ფეხბურთელის სამი განცხადება მოჰყვა. პირველი ასეთი გახლდათ: "სადღაც, "ნიუკასლ იუნაიტედის" მაღალ ეშელონებში გადაწყვიტეს, რომ მე პერსონა ნონ გრატა ვარ".
ამას ცოტა ხანში მეორე განცხადება მოჰყვა: "მე თავისუფალ ტრანსფერზე დამაყენეს, MAGრAM "ნიუკასლის" შავ-თეთრი მაისურით თამაში გაცილებით მეტს ნიშნავს".

და ბოლოს: "ალბათ, "ნიუკასლის" დირექტორატში ოდესმე მიხვდებიან, რომ ამ კლუბის სახელით თამაში ძალიან საამაყოა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის".

ამ სამ განცხადებას ბარტონის აგენტის, უილი მაკკეის საჯარო გამოსვლა მოჰყვა. აგენტმა თქვა, რომ მისი კლიენტი მზად არის ხელფასის შემცირებას დასჯერდეს, ოღონდაც კლუბმა "თვითმკვლელი" გადაწყვეტილება მისი გუნდიდან გაგდების შესახებ, უკან წაიყოს. კერძოდ, მაკკეიმ ბრძანა:

"გაოგნებული ვიყავი, რადგან "ნიუკასლ იუნაიტედი" ჯოი ბარტონს ახალ კონტრაქტს არ სთავაზობდა. ვფიქრობ, კლუბმა გარკვეულწილად თვითმკვლელი გადაწყვეტილება მიიღო. განა შეიძლება სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ასე მოიშორო თავიდან? ბარტონი გუნდში ცენტრალური ფიგურა იყო და ენდი ქეროლი 35 მილიონ ფუნტად რომ გაყიდეს სწორედ მისი დამსახურებაა, რადგან ქეროლს გოლები მეტწილად ჩემი კლიენტის პასებით გაჰქონდა. აქვე მინდა გავიხსენო, რომ დერეკ ლემბიასი და მაიკ ეშლი ჯოის მძიმე დღეებში მხარში ედგნენ, ასე რომ მათზე ცუდად ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ კლუბი მაინც შეცდა. ჯოი მზად იყო ხელფასის შემცირებასაც კი დათანხმებოდა, ოღონდაც "ნიუკასლს" მისთვის ახალი კონტრაქტი შეეთევაზებინა".

აგენტმა მაკკეიმ იქვე დასძინა, რომ ბარტონს ახალი კლუბის შოვნის პრობლემა რომ არ ექნებოდა ეს ყველას იმთავითვე კარგად უნდა სცოდნოდა. მისი აზრით ჯოი ის ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია.

დაბადებით ლივერპულელი ფეხბურთელი "ნიუკასლ იუნაიტედში" 5,8 მილიონ ფუნტად ოთხი წლის წინ "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა. მისი გასამრჯელო კვირაში 80 ათასი ფუნტი იყო.

ზემოთ "ლიდს იუნაიტედთან" წაგებული ამხანაგური თამაში ვახსენეთ. ბარტონს ამ შეხვედრაში, წესით, კაპიტნის სამკლავური უნდა გაეკეთებინა, მაგრამ იუარა -ესპანელ თანაგუნდელ ხოსე ენრიკეს დაუჭირა მხარი. მოგეხსენებათ, ენრიკე ერთი კვირის წინ "ნიუკასლმა" დააჯარიმა, რადგან ფეხბურთელმა იმავ "ტვიტერში" დაწერა, რომ კლუბი სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამბიცია აკლია. ენრიკეს "ნიუკასლიდან" წასვლა უნდოდა. სხვათაშორის, "ლიდსთან" შეხვედრაში მას, თითქოს, უნდა ეთამაშა, მაგრამ არ უთამაშია.

ბარტონმა ენრიკეს მხარდასაჭერად ასე დაწერა: "ნეტავ ჩვენ, ფეხბურთელებს, შეგვეძლოს ბოლომდე ვუამბოთ ფანებს რა ხდება გუნდში, რატომ გვაჯარიმებენ ამხელა თანხებით. ხოსეს ნათქვამმა, როგორც ნახეთ, დიდი რეზონანსი გამოიწვია, არადა ეს მხოლოდ აისბერგის მწვრტვალი იყო. იცით, ბოლოს რა მოხდება? თავიანთი საყვარელი გუნდის ჭაობიდან ამოთრევა ისევ ფანებს მოუწევთ. "ნიუკასლ იუნაიტედი" ხომ ოდესღაც დიდი კლუბი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული