33 წლის ნახევარმცველი, რომელზეც ამ ბოლო დროს სულ მეტად და მეტად ამბობენ, რომ ძველებურად ვეღარ თამაშობს, საპირისპირო აზრისაა. მას მიაჩნია, რომ უმაღლეს დონეზე გამოსვლის ძალა ჯერ კიდევ შესწევს. რასაკვირველია, პროფესიულ ფეხბურთში წლობით "ნაომარ" ფეხბურთელს ორგანიზმი ახალგაზრდულად აღარ ემორჩილება, მაგრამ მას ისევე სწყურია თამაში და წარმატება, როგორც 2001 წელს, როდესაც "ჩელსიმ" "ვესტ ჰემისგან" 11 მილიონ ფუნტად იყიდა.
"დრო შეიცვალა, -ამბობს ლემპარდი, -ხალხი მეტისმეტად
თუ ფეხბურთელი საკუთარ თავს უვლის, ორგანიზმს აკვირდება, სწორ ნაბიჯებს დგამს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაციას ინარჩუნებს, ოცდაათი წლის შემდეგაც შეძლებს კარგად თამაშს. ამ ასაკსი ბევრი რამ იყრის თავს. მე კი ფეხბურთი მიყვარს და მოედანზე გასვლა ყოველ ჯერზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
დიახ, ფეხბურთი ისე მიყვარს, საკვირაო ლიგაშიც რომ ვთამაშობდე მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი, მაგრამ უამღლეს დონეზე გამოსვლას მაინც სხვა გემო აქვს. აქ, იძულებული ხარ ყოველდღიურად საუკეთესო ფორმაში იყო, რადგან, საკმარისია ფეხი დაგიცდეს, რომ ყველაფერი დაღმა წაგივა. უმაღლეს დონეზე შეღავათი არ არსებობს. სწორედ ეს მაძლევს დიდ ენერგიას. მე ტოპ-ფეხბურთის თამაში მინდა და ვიცი, რაც არ უნდა ხდებოდეს, მზად უნდა ვიყო.
განსაკუთრებით რთულია ადგილის შენარჩუნება "ჩელსის" დონის გუნდში. აქ ძალიან დიდი კონკურენციაა. გამუდმებით მოდიან ახალი ფეხბურთელები, იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ, შენ კი იძულებული ხარ საკუთარ თავს აჯობო".
ლემპარდი უმაღლესი დონის პროფესიონალია. მისი საქმისადმი დამოკიდებულება და წვრთნის რეჟიმი მოედანზე საუცხოოდ იჩენს თავს. ბევრი თვისება მას ჯერ კიდევ "ვესტ ჰემის" დროს ჩამოუყალიბდა. ალბათ, სწორედ პროფესიონალიზმის დამსახურება გახლდათ ის, რომ 33 წლის ასაკშიც კი, ცოტა ხნის წინ გამართულ "აზიის თასზე" "ლემპსი" ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სწორედ ამიტომ აქვს კონტრაქტის თანახმად ჯერ კიდევ ორი წელიწადი დარჩენილი, არადა მისი ხელფასი არც მეტი არც ნაკლები კვირაში 150 ათასი ფუნტია.
"ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა სეზონისწინა შეკრებაზე ლემპარდი გვარიანად დატვირთა და აქ მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა როდი იგულისხმება, აქ, უპირველეს ყოვლისა მის როლზეა ლაპარაკი. არადა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ვეტერანს გასულ სეზონში საზარდულის ტრავმის გამო ოთხი თვე გაუცდა. თან, ტრავმა ექიმებს იოლად არ დაემორჩილა, ჯიუტობდა და რთულდებოდა.
დღეს ფრენკ ლემპარდი პრემიერლიგის ჩემპიონატის დასაწყებად მზად არის, "ჩელსის" კი, შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში 14 აგვისტოს "სტოკთან" ელის.
გაზეთები წერენ, რომ ამ სეზონში ლემპარდს გვარიანი კონკურენციის გაძლება მოუწევს. აშკარაა, რომ ვილაშ-ბოაში 18 წლის ჯოშ მაკეჩრანს უპირებს თანდათანობით ძირითად შემადგენლობაში შეყვანას. ჟურნალ "ჩელსისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ლემპსმა" თქვა:
"ვფიქრობ, ჩვენს მოტივაციაზე დადებითად იმოქმედებს ის, რომ გასულ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ. მანამდე, ექვსი თუ შვიდი წლის განმავლობაში ჯილდოს ჯილდოზე ვიგებდით, ბოლოს კი გავწბილდით. რას იზამ, ქვეყნად არ არსებობს გუნდი, რომელიც დაუსრულებლად მოიგებს და ხელმოცარული არასდროს დარჩება. მეორე მხრივ კი, როდესაც ამბიციური კაცი ხარ და ხედავ სხვები როგორ ზეიმობენ, იმუხტები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"