ერიკ კანტონა განებივრებულების წინააღმდეგ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, ერიკ კანტონამ "მანჩესტერ სიტის" განებივრებულ ვარსკვლავებს კარლოს ტევესსა და მარიო ბალოტელის შეუტია. ფრანგმა თქვა, რომ არ ესმის იმ თავგასული ფეხბურთელებისა, რომლებიც ათას თითიდან გამოწოვილ მიზეზს იგონებენ, რათა ისტლენდიდან წავიდნენ. თუმცა, როგორც მისი ნათქვამის პირველივე წინადადებიდან გაირკვა, ბალოტელის გაგება მაინც კიდევ შეიძლება.

"მანჩესტერი მილანიდან ჩამოსულმა კაცმა რომ დაიწუნოს კიდევ, ჰო... თუმცა, ჯობს ქალაქები არ ჩამოვთვალო, რადგან საუცხოო ქალაქი ბევრია, მე კი მანჩესტერში მაქვს დიდებული დრო გატარებული. პროფესიონალ ფეხბურთელს სხვა რამ უნდა აინტერესებდეს. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში მინდოდა.
ჩემთვის "იუნაიტედის" დიდი ვარსკვლავების მხარდამხარ თამაში იყო მთავარი. ფეხბურთელი საუკეთესო დროს მოედანზე ატარებს. მე მიყვარს მანჩესტერი და მანჩესტერელები. აქ გატარებული წლები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია".

კანტონა "ოლდ ტრეფორდზე" ხვალ დაბრუნდება, ამჯერად, როგორც ნიუ-იორკის "კოსმოსის" დირექტორი. "კოსმოსი" პოლ სქოულზის გამოსათხოვარ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ფრანგმა დასძინა:

"მანჩესტერში, განსაკუთრებით "ოლდ ტრეფორდზე" დაბრუნება ძალიან ემოციური იყო. ყოველთვის, როდესაც ამ ქალაქში ჩამოვდივარ, სტადიონზე მივდივარ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია".

"იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა "სიტისაც" გაჰკრა კბილი. მან თქვა, რომ წარმატების ფულის ყრით მიღწევა კარგი გზა არ არის. კერძოდ, 45 წლისამ ბრძანა:
"საუკეთესო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედია". "სიტი" რას აკეთებს ზუსტად არც ვიცი, იქნებ ბავშვთა სკოლებსა და აკადემიებს აშენებს კიდეც, მაგრამ გარედან მხოლოდ ის ჩანს, რომ ისტლენდელები ვარსკვლავებს ყიდულობენ და ასე ცდილობენ ძლიერი გუნდის შექმნას. კი ბატონო, მათ ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგეს, მაგრამ ამ წარმატების გამო "იუნაიტედს" ხომ ვერ გავუტოლებ.

"იუნაიტედს" მთელი სისტემა აქვს აწყობილი და ახალგაზრდა ტალანტებს ზრდის. სერ ალექს ფერგიუსონმა ფეხბურთს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა და ერთ-ერთი მათგანი პოლ სქოულზი იყო. დღეს, იმ ამბიდან 15 წლის შემდეგ ჩამოვდივარ და ვხედავ, რომ მწვრთნელი ისევ თავის ადგილზეა. რასაკვირველია, შეუცვლელი ფეხბურთელი არ არსებობს, მითუმეტეს, როდესაც "იუნაიტედზეა" ლაპარაკი, რომელსაც სათავეში ისეთი ადამიანი უდგას, სერ ალექსი რომ არის. მე წავედი, ჰიუზი წავიდა, რონალდო წავიდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდად რჩება".

შემდეგ კანტონას ჰკითხეს, "კოსმოსში" ისეთი თანამდებობა გაქვთ, რომელსაც ადვილად შეელევით და ფერგიუსონის შემცვლელად "ოლდ ტრეფორდზე" ხომ არ აპირებთ მოსვლასო. ფრანგმა მისთვის ჩვეული სტილით უპასუხა:

"მე ალექს ფერგიუსონზე ადრე მოვკვდები. სერ ალექსი კი ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი იქნება, რადგან ეს მისი ცხოვრებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული