"ლივერპული": ხარჯე და ხარჯე კენი!

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავკაცი კენი დალგლიში მზადაა კვლავ ჯიბეზე გაიკრას ხელი, არადა იანვრიდან მოყოლებული მერსისაიდელებმა უკვე 100 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯეს. ამის მიუხედავად, "წითლების" შოტლანდიელი მწვრთნელი ამბობს, რომ ინგლისურ ფეხბურთში პირველობის დასაბრუნებლად მის გუნდს კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" ამ ზაფხულში სამი ახალი ფეხბურთელი შეიძინა: სტიუარტ დაუნინგი, ჩარლი ადამი და ჯორდან ჰენდერსონი. ტრიოში დალგლიშმა 43 მილიონი ფუნტი გადაიხადა, თუმცა კლუბის ამერიკელი მეპატრონის, ჯონ ჰენრის მილიონები ჯერ არ გამოლევია და კიდევ აპირებს ბაზარში გასვლას.

ზემოთ ნახსენები სამეულის ყიდვამდე "წითლებმა" იანვარში 57,3
მილიონ ფუნტად ორი თავდამსხმელი, ენდი ქეროლი და ლუის სუარესი იყიდეს. შემდეგი შენაძენი, სავარაუდოდ, "ნიუკასლის" ესპანელი მცველი ხოსე ენრიკე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ივნისში დალგლიშს "ბლექბერნისგან" 19 წლის ფილ ჯონსის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ვაჭრობაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" აჯობა. ახლა, მერსისპირელებს "ბოლტონიდან" 25 წლის გერი კეჰილის ყიდვა მონდომებიათ. სატრანსფერო საკითხების შესახებ დალგლიშმა "ლივერპულის" საწვრთნელ ბაზაზე, "მელვუდში" ილაპარაკა:

"რასაკვირველია, ფულის ხარჯვა წარმატების გარანტია არ არის, თუმცა ვერ დამისახელებთ კლუბს, რომელმაც წარმატებას ფულის ხარჯვის გარეშე მიაღწია. ერთი სიტყვით, ხარჯვა აუცილებელია.

სხვა საქმეა, რომ ფულს ჭკვიანურად უნდა ხარჯვა. ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე სრული პასუხისმგებლობით გავედით. უპირველეს ყოვლისა, გამოვამჟღავნეთ პატივისცემა "ლივერპულის" მეპატრონისადმი, რომელიც მხარში გვიდგას. ვერც კი წარმომიდგენია, უფრო კარგი მეპატრონე თუ შეიძლება არსებობდეს. ის პირადად ზრუნავს ფეხბურთის კლუბზე და უნდა, რომ საქმეები სწორი მიმართულებით წაიყვანოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული