"ნიუკასლი" - გაატვიტეს საქმე

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" მეპატრონე მაიკ ეშლიმ გადაწყვიტა, თავის ფეხბურთელებს სოციალურ ქსელებში კლუბის შესახებ მოსაზრებების გამოთქმა აუკრძალოს. ეშლის იმედი აქვს, რომ ამ ხერხით მომავალში თავიდან აირიდებს ისეთ კონფლიქტებს, როგორიც ბოლოხანს 28 წლის ნახევარმცველ ჯოი ბარტონთან მოუვიდა. მეპატრონის გადაწყვეტილება "ნიუკასლის" თითოეულ მოთამაშეს წერილობითი სახით გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ "ტვიტერში" დაწერილი კრიტიკული შენიშვნების გამო "კაჭკაჭთა" შეფებმა ორი კვირის ხელფასი დაუქვითეს როგორც ბარტონს, ასევე 25 წლის ესპანელ ხოსე ენრიკეს, რომელიც შესაძლოა "ლივერპულმა" იყიდოს.

ნიუკასლელთა მწვრთნელი ალან პერდიუ ერთი მხრივ აღშფოთებული იყო ბარტონის ტვიტერ-აქტიურობით, მეორე მხრივ კი
ამ ფეხბურთელის დაკარგვა არ უნდა. ცნობილი გახდა, რომ ის "ტვიტერთან" ("ფეისბუქს" არ ვახსენებთ, რადგან ინგლისში "ტვიტერი" უფრო პოპულარულია) გამკლავების საკითხებზე ის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს ელაპარაკა.

"პრობლემა ის არის, რომ "ტვიტერში" ხალხი ემოციებს ჰყვება. მარტო ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ. საერთოდ, სპორტსმენები ემოციური ხალხია და როდესაც ისინი სოციალურ ქსელში რაღაცას წერენ, ხშირად ხშირად დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს. ეს კი შესაძლოა სახიფათო იყოს. ამის შესახებ სერ ალექსს ველაპარაკე და აღმოვაჩინე, რომ "ოლდ ტრეფორდზე" ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ პოლიტიკა არ აქვთ შემუშავებული. მათ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია კლუბის შესახებ წეროს რაც მოეპრიანება.

როგორც ჩანს, სწორედ ამ ბოლოდან არის დასაწყები. ბოლოს და ბოლოს კლუბის პრეზიდენტის, მასაჟისტის თუ სხვა ნებისმიერი თანამშრომელის საჯარო კრიტიკა კონტრაქტის პირობის დარღვევაა. გარდა ამისა, როდესაც, მაგალითად, საჯაროდ აცხადებ, ვინ არის ტრავმირებული, ამით გასცემ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მოწინააღმდეგემ გამოიყენოს.

შესაძლოა ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან "ტვიტერსა" და სხვა სოციალურ ქსელებში კლუბის შესახებ წერა იკრძალება, ვინმემ დიქტატურის გამოვლინებად ჩათვალოს, მაგრამ ჩვენ ამას იურიდიულად გამართულად მოვაგვარებთ. ბოლოს და ბოლოს ეს კონტრაქტის ერთ-ერთი პირობის დარღვევაა".

ჯოი ბარტონის "ნიუკასლ იუნაიტედში" დარჩენა-არდარჩენის საქმე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ის "კაჭკაჭთა" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და... "ტვიტერში" აქტიურობას არ ეშვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული