ფაბრეგასის დარჩენა-არ დარჩენის საქმე

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მეწილე, ამერიკელი სტენ კროენკი ამ დღეებში ლონდონში გახლდათ, რათა ბოლოს და ბოლოს გუნდის კაპიტნის, 24 წლის ესპანელი
ვარსკვლავის, სესკ ფაბრეგასის დარჩენა-არ დარჩენის საქმე მოეგვარებინა.

უფრო სწორად, კროენკი ინგლისის დედაქალაქში "მეთოფეთა" კლუბის წევრების ყოველწლიურ შეკრებაზე იყო ჩასული, მაგრამ გადაწყვიტა ბარემ, კლუბისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხისთვისაც მიეხედა.

როგორც გაზეთებისთვის გახდა ცნობილი, ამერიკელმა ფაბრეგასის საკითხს ხანგრძლივი თათბირი მიუძღვნა, რომელშიც სხვებთან ერთად აღმასრულებელი შეფი აივან გაზიდისიც მონაწილეობდა. თათბირზე განიხილებოდა "ბარსელონას" ბოლო შემოთავაზება _ 35 მილიონი ფუნტი, რომლიდანაც 5 მილიონი კონტრაქტთან დაკავშირებულ "და
სხვა" ხარჯებში გაიფანტება. სხვა სიტყვებით, "არსენალს" ამ თანხიდან, რეალურად, ჯიბეში, 30 მილიონი ფუნტი დარჩება. ცნობისათვის: 35 მილიონი ფუნტი 40 მილიონ ევროზე ოდნავ მეტია.

შეგახსენებთ, ვაჭრობის წინა ეტაპებს: თავიდან "ბარსამ" "არსენალს" 27 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაზეც ჩრდილოლონდონელებმა უარი განაცხადეს. შემდეგ იყო ლაპარაკი 31 მილიონსა და 33,5 მილიონ ფუნტზე. ორივე თანხაზე "მეთოფეებმა" კვლავ ცივი უარი თქვეს. "არსენალს" დაჩემებული ჰქონდა, რომ სესკ ფაბრეგასს 40 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაყიდიდა, მაგრამ აშკარაა, რომ კატალონიური კლუბი "რეალური მყიდველია" და ვაჭრობის დინამიკიდან გამომდინარეც 35 მილიონი ფუნტი ყველაზე მისაღებ თანხად ჩანს.

ეს, რაც შეეხებოდა ვაჭრობას, ამასობაში კი დაირხა ხმები, რომ "არსენალს" მზაკვრობა აქვს ჩაფიქრებული და აპირებს ფაბრეგასი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ათამაშოს. სხვა სიტყვებით, "მეთოფეები" ნახევარმცველს აიძულებენ მონაწილეობა მიიღოს იმ შეჯიბრებაში, რომელშიც "ბარსელონაც" გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის, შემდეგ, "ბარსაში" გადავა, მისი სახელით ჩემპიონთა ლიგაში ვეღარ ითამაშებს. კაცმა რომ თქვას, თეორიულად ამისი შანსი მაინც არის, მაგრამ, თავად განსაჯეთ: იმისათვის, რომ ფაბრეგასმა პლეი-ოფში "არსენალის" შემადგენლობაში ითამაშოს, შემდეგ კი "ბარსელონაში" გადავიდეს და შეჯიბრება მის შემადგენლობაში განაგრძოს, საჭიროა... "არსენალი" პლეი-ოფიდან გავარდეს.

ამასობაში, "ბარსელონა" ფაბრეგასის საქმესთან დაკავშირებით "არსენალის" და საზოგადოების ფსიქოლოგიურ დამუშავებას განაგრძობს. დღე არ გავა "ბლაუგრანას" ამა თუ იმ ფეხბურთელმა "არსენალის" კაპიტანზე რამე რომ არ თქვას. კატალონიელთა ნახევარდაცვის ერთ-ერთი ვარსკვლავი ანდრეს ინიესტა:

"ძალიან ბევრჯერ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, რომ სესკის ჩამოსვლა აღგვაფრთოვანებს. ჩვენ უმაღლესი კლასის ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ, რომელსაც "ბარსელონაში" თამაში უნდა, თუმცა ყველაფერი ორ კლუბს შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული".

ინგლისური მას-მედია წერს, რომ კროენკის ლონდონში ჩასვლა იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენს, ისევე, როგორც მწვრთნელ არსენ ვენგერს ძალიან მობეზრდა "ბარსელონასა" და თავად ფეხბურთელთან დაუსრულებელი ჭიდაობა და გრძნობს, რომ ფაბრეგასის ამბავი გუნდს მომზადებაში ხელს უშლის. ამბობენ, რომ ფაბრეგასი ახლა "მეთოფეებთან" ერთად პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც, ამ ზაფხულში პირველად ჩაიცვამს ჯერ კიდევ თავისი გუნდის, "არსენალის" მაისურას _ ლაპარაკია "ბენფიკასთან" ამხანაგურ შეხვედრაზე. ამასობაში კი კროენკისა და "ბარსელონას" ამბავიც გაირკვევა.

ადრე ვწერდით, რომ ამ დღეებში "არსენალს" სეზონის წინ ოფიციალური გუნდური ფოტო უნდა გადაეღო, მაგრამ ამერიკელი მეპატრონის ლონდონში ჩასვლამ და ზემოთ აღწერილმა ამბებმა "მეთოფეებს" ფტოტოს გადაღებაც კი გადაადებინა. გაურკვეველი იყო, უნდა დამდგარიყო თანაგუნდელებთან ერთად, "ემირეიტ სთედიუმის" ტრიბუნის ფონზე ფაბრეგასი თუ არა. სამაგიეროდ, "სქაი სპორტისთვის" გუნდმა მაინც ჩაატარა ფოტო-ვიდეო სესია, ოღონდ, შენობაში. ამ სესიაში სესკი მონაწილეობდა.

ახლა, რაც შეეხება "მეთოფეთა" სხვა ამბებს: 20 წლის ნახევარმცველმა არონ რემსიმ უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად, ასე რომ, შიში, თითქოს ის პრემიერლიგის პირველ შეხვედრას გამოსტოვებს, შემცირდა. "არსენალი" პრემიერლიგის ახალ სეზონს "ნიუკასლთან" შეხვედრით იწყებს. რემსის გამოჯანმრთელების ამბავი ჩრდილოლონდონელთა მწვრთნელისთვის არსენ ვენგერისთვის ფრიად სასიამოვნო ამბავი იყო, რადგან ბოლოხანს დაშავებულთა რიცხვთა იმატა. კერძოდ, 24 წლის სამირ ნასრი კოჭის ტკივილის მიზეზით არ ვარჯიშობდა. ეს ჯეკ უილშირისა და თეო უოლკოტის პრობლემებს დაემატა. თუმცა, ვენგერი მაინც ინარჩუნებს ოპტიმიზმს და ამბობს:

"ახლა დროა მთელი ყურადღება საქმეზე მოვიკრიბოთ და საკუთარი ძალების ვირწმუნოთ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ "არსენალი" ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა ექვსწლიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ერთი ტიტულიც კი ვერ მოვიპოვეთ, ბოლო მოეღოს. მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, კარგ გუნდს ვაყალიბებ. არ მშორდება შეგრძნება, რომ გასულ წელიწადს წარმატებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. იმედი მაქვს, რომ წლეულს მიზანს მივაღწევთ".

ვენგერის სამწუხაროდ მოლაპარაკებები "ევერტონთან" 28 წლის მცველის ფილ ჯეგიელკას თაობაზე ჩიხში შედის. მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან. ლივერპულელებს ჯეგიელკა 15 მილიონ ფუნტად არ ეთმობათ, ამბობენ 18 მაინც გვინდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული